დამფუძნებლებმა „რუსთავი 2“-ის წილებისთვის დავა დაიწყეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

როგორც განიმარტა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, თუმცა მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.

ხალვაშის იურისტი და "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი პაასა სალია ამბობს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ - სარჩელი ხანდაზმულია.

„ადრეა, ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.

მანამდე მოსარჩელეებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

მათივე შეფასებით, დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს”.

„დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების აღდგენას შეეხება. იმედი გვაქვს, პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე და მას ყურადღებით დააკვირდებიან როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესი მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამიტომ, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცესს. „რუსთავი 2”-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ასევე, “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომელთა მმართველობის დროსაც, 2004 წელს განხორციელდა კომპანიის ჩვენთვის იძულებით ჩამორთმევის პროცესი, ახლა მაინც აღიარონ ჩვენ მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას”,- განაცხადა აქიმიძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მესამე ზამთარია, აქ ვდგავარ იმის მოლოდინში, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ამათ მიერ მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟის სამართალი აღსდგება"