გიორგი გახარია: "შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. 

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.  

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“- აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა.

ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.



 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ