ქართველ მინისტრებს რუსეთის პროკურატურისადმი ნდობის თვალსაზრისით განსხვავებული პოზიცია აქვთ

საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს რუსეთის პროკურატურის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. საქმე ეთნიკური ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხება.  როგორც საჯაროდ გაჟღერდა, იუსტიციის მინისტრი ენდო რუსეთის პროკურატურის წერილობით დაპირებას, რომ პატიმარი არასათანადო მოპყრობას არ დაექვემდებარებოდა და ექსტრადაციას დასთანხმდა.

„არავითარი საფუძველი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი...",- აცხადებდა წულუკიანი. 

საგარეო საქმეთა მინისტრი კი მსგავსი ნდობის გამოცხადებას თავს არიდებს. 

„რა თქმა უნდა, რუსეთის პროკურატურის ნდობის საკითხი სხვა საკითხია და ამიტომ მიეცა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა სტრასბურგში, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ამაზე შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილება“,- ამბობს მინისტრი და იქვე აღნიშნავს, რომ თავად ექსტრადაცია ყველა პროცედურის დაცვით განხორციელდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთს ახიადოვი სექტემბერში გადასცა, გადაწყვეტილების მოტივად ახიადოვისთვის რუსეთში წაყენებული ბრალი და რუსეთის პროკურატურის „საიმედო“ დაპირებები დასახელდა. ასევე აღინიშნა, რომ ოფიციალური თბილისი განახორციელებს მონიტორინგს, ასრულებს თუ არა რუსეთის პროკურატურა დანაპირებს, თუმცა რა გზით, ეს გამოცანად რჩება. „აქცენტმა“ ახიადოვის ექსტრადაციის შემდეგ წითელ ჯვარს მიმართა კითხვით, რომ არ მიუმართავთ მათთვის საქართველოს მთავრობიდან ახიადოვის საპატიმროში მონახულებისა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნით. გაირკვა, რომ არ მიუმართავთ. ამ დროისთვის უცნობია პატიმრის მდგომარეობის შესახებ. 

იხილეთ ასევე: ეთნიკურ ჩეჩენს რუსეთს გადასცემენ: ცვლის თუ არა თბილისი პოლიტიკას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს