რა ხდება სირიის ირგვლივ: "ნამდვილი დიპლომატიური ჭიდილი 22 ოქტომბერს გაიმართება"

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ ამერიკასა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას "მხოლოდ 5–დღიან პაუზად" აფასებს. ანალიტიკოსი რიგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას და ელის რომ "ნამდვილი დიპლომატიური ჭიდილი" 22 ოქტმბერს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გაიმართება. 


"რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ომს და აშშ-თურქეთის შეთანხმება მისასალმებელია. თუმცა, აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის სირიაში მშვიდობის დამყარების საქმეს:

1. ამერიკელები ფაქტიურად გასული არიან რეგიონიდან და გაურკვეველია, რა ძალა ექნება მათ სიტყვას ადგილზე;

2. არ არსებობს შეთანხმების აღსრულების მექანიზმი და ბერკეტები;

3. ყველაზე მთავარი - ამ ეტაპზე უცნობია, რას ფიქრობენ ამ შეთანხმებაზე დანარჩენი 

მებრძოლი მხარეები: რუსეთი, ასადის რეჟიმი, ირანი და პროქურთული ძალები.

ვითომ პუტინი ტაშს დაუკრავს ვაშინგტონ-ანკარის შეთანხმებას და ერთმანეთთან დაახლოებას?

ეს კითხვა მით უმეტეს ლეგიტიმურია იმ ფონზე, როდესაც რუსები და ასადის რეჟიმის ნაწილები უკვე შევიდნენ ჩრდილოეთ სირიის იმ ტერიტორიებზე, სადაც ადრე ამერიკელები იდგნენ და მათ შორის, დაიკავეს სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთიც (მაგალითად ქ. ქობანის სიახლოვეს). ახლა ქუდს დაიხურავენ და უბრძოლველად დათმობენ ძვლივს მოპოვებულ ტერიტორიებს?

მე მაინც მგონია, რომ მთელი ეს შეთანხმება მხოლოდ 5 დღიანი პაუზაა.

22 ოქტომბერს ჩანიშნულია პუტინ-ერდოღანის შეხვედრა და ნამდვილი დიპლომატიური ჭიდილი იქ გაიმართება. მათ შორის უპირატესობა ვის მხარეზეა, ძნელი გამოსაცნობი არაა",– წერს სოციალურ ქსელში ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. აშშ–მა ტერიტორიიდან ტრამპის გადაწყვეტილებით გაიყვანა საკუტარი სამხედროები. 17 ოქტომბერს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ხანგრძლივი შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ ერდოღანთან, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თურქეთი დასთანხმდა, 120 საათით შეწყვიტოს ოპერაცია. მოგავიენებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაციის სეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს. კომენტარები სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთეს აშშ–ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო