აპატურაი: "წარმოუდგენელია, პარტნიორი ნატო–სთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა"

წარმოუდგენელია პარტნიორი ნატო-სთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და ნატო აუცილებლად შეასრულებს 2008 წელს ბუქარესტში გაცემულ პირობას და საქართველოს ალიანსის ოჯახში მიიპატიჟებს და როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ეროვნული პარლამენტების სიტყვას ექნება.

აპატურაის განცხადებით, ლონდონში ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსის მომავალ წევრობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გაწევრიანების კონკრეტული დრო განსაზღვრული არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ალიანსის პარტნიორობა არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. 

„საქართველო ნატო-ს ღირსეული პარტნიორია და ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და ბიუროკრატია. საქართველოს მომავალი წევრობა აქტუალურია. საქართველოს ხელისუფლება ყველა დედაქალაქში ამ საკითხზე ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ისინი მუდმივად ახსენებენ პოლიტიკოსებს, რამდენს აკეთებს საქართველო დასავლური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ეს ქართველი დიპლომატების წარმატებაა. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. ეს საკითხებია რუსეთი, ჰიბრიდული საფრთხეები, შავი ზღვის უსაფრთხოება, ავღანეთი და სხვა. საქართველოს ნატოს უსაფრთხოებაში ძალიან აქტიური წვლილი შეაქვს. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატო–სთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა“, - განაცხადა აპატურაიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ