თადუმაძე – TBC–ს საქმეზე დაქირავებულ ექსპერტებზე: "ბუნებრივია, თანხა გადავუხადე ბიუჯეტიდან"

გენპროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ TBC–ს საქმეზე ექსპერტები არა უშუალოდ მან, არამედ საქართველოს პროკურატურამ დაიქირავა. ასე უპასუხა თადუმაძემ შესაბამის კითხვას. 

მისივე თქმით, ექსპერტების ფუნქციაა ყველა გახმაურებულ საქმეზე, საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე, პროკურატურისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაციების გაწევა.

"ბუნებრივია, თანხა გადავუხადე ბიუჯეტიდან. წვდომა ჰქონდათ იმიტომ, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ექსპერტების მომსახურებას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ყველა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ექსპერტები ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს, წერენ დასკვნებს, რომლებიც ჩემთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს