"პუტინის "მახე" სააკაშვილს ორ გამოსავალს უტოვებდა"

ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა „საქართველოს ინსტიტუტთან უსაფრთხო პოლიტიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს "მახეს უმზადებდა", ეს "მახე" კი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ორ გამოსავალს უტოვებდა: უსიტყვოდ დასთანხმებოდა რუსეთს, კონტროლი აეღო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ან შეიარაღებულ კონფლიქტში შესულიყო.

მისივე თქმით, ამ მახიდან თავის დასაძვრენად ვაშინგტონში შემუშავდა გეგმა.   

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ მთელი რიგი ზომები, რომელიც მათ შორის მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებმა, რომლებიც „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა ბრაიზამ.

დიპლომატი კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასაც აკრიტიკებს:

„როდესაც კონფლიქტი არსებობს, კერძოდ სამხედრო კონფლიქტი, ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, თან ისე, რომ არავის დანაშაულზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველა მხარე ნაწილობრივ დამნაშავეა. რაც შეეხება საქართველოს, 2008 წელს დამნაშავე ერთი მხარე იყო: სანამ ცოცხალი ვარ, სულ დავიჯერებ, რომ რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, მაგრამ საქართველოს პასუხი, საუბედუროდ ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მის ინტერესებს ზიანი მიაყენა“.

ამავე ინტერვიუში ბრაიზა 2008 წლის ბუქარესტის სამიტსაც იხსენებს. იმსი თქმით,  აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მყარად უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, თუმცა ეს საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაბლოკა და შესაძლოა, მსგავსი რამ მომავალშიც მოხდეს:

„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა, არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა