კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას  „საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების (NATO) ალიანსში გაწევრიანებისათვის“ უმასპინძლა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის დირექციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, იუნკერები და კადეტები. 

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. ასევე, სიტყვით წარდგნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ, ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი. 

კონფერენციის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა საკმაოდ საინტერსოდ, დისკუსიისა და განხილვების ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დასმულ იქნა პრობლემური კითხვები. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა  ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ შეაჯამა, რომელმაც ხაზი გაუსვა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას. დასასრულს მომხსენებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

კონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინიცირებით ჩატარდა და მასში  მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც სამხედრო ასევე, სამოქალაქო პირები. წარმოდგენილი იყო 19 ნაშრომი. გამოიცა და მონაწილეებს დაურიგდათ სამეცნიერო ნაშრომთა კრებული. 


აღსანიშნავია, რომ ლიცეუმში პირველად ჩატარდა მსგავსი ტიპის სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ორგანიზებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე მარიამ დარბაიძე უწევდა. 


ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს