TI- თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევებში, ერთ უწყებაში მუშაობენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, ჯამში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა იყო.

თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში მკვლევარებმა დაადგინეს შემდეგი:

  • ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ;
  • ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში;
  • არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა;
  • სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში;

ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები, რომლებიც მკვლევარების აზრით, ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს:

  • კახი კანდელაკი - 2013-17 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; — მისი ცოლი ელენა იავორსკაია 2016 წლიდან შპს თბილისის სახ. საკონცერტო დარბაზის მარკეტინგის დირექტორია;
  • გიორგი ხანიშვილი - 2018 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2016-17 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე — მისი შვილი, თამარ ხანიშვილი 2017 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია;
  • ნიკოლოზ დიდიძე - 2013 წლიდან სსიპ-სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის მოადგილე — მისი მეუღლე, სოფიო ქორჩაშვილი 2017 წლიდან სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტია;
  • გიორგი ახვლედიანი - 2014 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე — მისი მეუღლე, ქეთევან ახვლედიანი 2016 წლიდან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამსახურის უფროსია;
  • კობა კობალაძე - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე — მისი შვილი, ზურაბ კობალაძე 2018 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელია;
  • ანზორ ბოლქვაძე - 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, შუახევის, ხულოსა და ქედის მაჟორიტარი — მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე 2018 წლიდან ააიპ ხულოს სამხატვრო გალერეის წამყვანი სპეციალისტია;
  • გოგა გულორდავა - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი — მისი მეუღლე, ნათია მოლაშხია 2017 წლიდან ააიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კოორდინატორია.
  • პარლამენტის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები
  • შოთა ხაბარელი - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი შვილი, ანი ხაბარელი 2017 წლიდან თბილისის წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტია; კობა ლურსმანაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი შვილი, ანი ლურსმანაშვილი 2018 წლიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია;
  • ზვიად ძიძიგური - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი და, მარინე ძიძიგური 2017 წლიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტია;
  • ირაკლი ბერაია - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, ხათუნა ბობოხიძე 2017 წლიდან შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კონსულტანტია;
  • დავით სონღულაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია 2017 წლიდან სსიპ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტია;
  • შალვა კიკნაველიძე - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, თათია სახელაშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"