ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა

ყველა ე.წ. საკონტროლო–გამშვები პუნქტის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის ფონზე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის კვეთისთვის საშვების გაცემა განახლდა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავინდებურად აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ წნელისში გახსნილი საგუშაგოს გაუქმებამდე ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას არ განაახლებენ. რა დანიშნულება აქვს ამ ვითარებაში საშვებს, გაუგებარია. 

გუშინ ახალგორის დე ფაქტო საბჭოს შენობაში 150–კაციანი სია გამოაქვეყნეს იმ ადგილობრივებისა, რომელთათვისაც საშვები უკვე მზადაა. ამასთან, ამ დოკუმენტის მოქმედების ვადა 2019 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა საშვების მისაღებად განაცხადების წარდგენა ჯერ კიდევ ივლისში დაიწყეს, რადგან ყველა უკვე მიეჩვია, რომ დოკუმენტების გაცემა ოკუპირებულ რაიონში ძალიან ჭიანურდება. ამ ფონზე გაცემული საშვების მფლობელთა სიის გამოქვეყნება მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ადგილობრივი დე ფაქტო საბჭოს შენობაშივეა გამოყოფილი კაბინეტი „ცხინვალის წარმომადგენლისთვის“, რომელიც კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით განაცხადებს მიიღებს და მზა საშვებს გასცემს. გუშინ მან პირველი მიღება გამართა. თუმცა ვინაიდან ადგილობრივები წინასწარ არავის გაუფრთხილებია, საშვების ასაღებად მათი მფლობელების მხოლოდ მცირე ნაწილი მივიდა.

კიდევ ერთი სიახლე: თუ ადრე ახალი საშვები ძველის ნაცვლად გაიცემოდა, ახლა მათ არ ცვლიან – უბრალოდ მოქმედების ვადას უხანგრძლივებენ. „გახანგრძლივებულია 2022 წლის ნოემბრამდე“ -  ასეთი წარწერაა დატანილი დოკუმენტზე ჩვეულებრივი საწერი კალმით.

როგორც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რა თქმა უნდა, „ცხინვალის წარმომადგენლის“ პირველი სამუშაო დღით ვერ იმსჯელებ, თუმცა საშვების გაცემის პროცედურა, რომელიც აქამდე უკიდურესად ბიუროკრატიზებული და გაჭიანურებული იყო, როგორც იქნა, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა და ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს, ისაა, რომ ეს ე.წ. სასაზღვრო კრიზისის ფონზე ხდება:

„ხელისუფლება ხედავს, რამდენად სწრაფად იცვლება რაიონში განწყობა გზის დაკეტვის გამო. ადგილობრივების ნაწილი პანიკაშია და თვლის, რომ საზღვრის იქეთ მცხოვრებ ნათესავებს სამუდამოდ მოწყვიტეს. ნაწილი განრისხებული და თვლის, რომ აუცილებელია, პროტესტი გამოიხატოს. ვფიქრობ, ამ ვითარებაში საშვების გაცემის განახლება ერთგვარი ხერხია ხალხის დასამშვიდებლად, იმედის მისაცემად – თუკი საშვები გაიცემა, ე.ი. გზაც მალე გაიხსნებაო. არადა, ცხინვალი ისეთ ზომებს იღებს, რაიონული ადმინისტრაცია საზღვრის შესაძლო გახსნას არც კი ახსენებს. ამ დრომდე მხოლოდ ის თქვეს, რომ შეეცდებიან, ნოემბერში საზღვარი ერთი დღით ერთი მიმართულებით გახსნან“.

მეარაყიშვილის ინფორმაციით, ცხინვალში ჩამოყალიბდნენ, როგორ განახორციელებენ ე.წ. სასაზღვრო კრიზისის პირობებში „რაზდახანის“ (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტის გავლით ავადმყოფების გატარებას თბილისში სამკურნალოდ:

„ავადმყოფი რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმს აკითხავს დიაგნოზის დამადასტურებელი საბუთებითა და განცხადებით იმის შესახებ, რომ  მას თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. მთავარი ექიმი ამ დოკუმენტებს ჯანდაცვის მინისტრს გადასცემს, ის კი ზომებს მთავრობის დონეზე იღებს, რათა მსგავს პაციენტებს „რაზდახანის“ გავლით რაიონის დატოვების ნებართვა მისცენ. ჯერ–ჯერობით გაუგებარია, როგორ დაბრუნდებიან ისინი მკურნალობის შემდეგ დახურული საზღვრის პირობებში, - როგორც ვიცი, ეს საკითხი ჯერ არ დაუმუშავებიათ“.

ადრე, როდესაც მსგავსი საკითხები დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დონეზე წყდებოდა, პაციენტები, რომელთაც გადაუდებლად გადაყვანა ესაჭიროებოდათ, დე ფაქტო საზღვარზე 1–2 საათის განმავლობაში გადაჰყავდათ, თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჩინოსანი ან მისი მოადგილე გულისხმიერებას გამოიჩენდა. ახლა, როცა მსურველის საბუთებმა მთელი ბიუროკრატიული ჯაჭვი უნდა გაიაროს, თბილისში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე საუბარიც კი ზედმეტია. ბოლოს, დახურული დე ფაქტო საზღვრის პირობებში პაციენტების თბილისის კლინიკაში მოხვედრას 10 დღე–ღამე დასჭირდა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას,  რომელიც  ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს