საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში – „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოში მწვავე საკითხად რჩება“

ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა ოთხწლიან პროგრამას „ადამიანის უფლებები ყველასათვის" შეაჯამეს  და ამ პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მეგი ნიკოლსონის ანგარიში წარადგინეს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

ანგარიშში სხვა რიგ საკითხებთან ერთად  საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ პირთა უფლებებზე, ქალებზე და ოჯახში ძალადობაზე, დისკრიმინაციაზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე და შრომის უსაფრთხოებაზე. 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, უკანასკნელ წლებში უკანონო მეთვალყურეობა საქართველოში სისტემატურ პრაქტიკად იქცა, როდესაც შანტაჟის მიზნით პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ფარული ვიდეოგადაღება ხდებოდა. 

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოში მწვავე საკითხად რჩება. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება ზოგიერთი საკითხის გარკვეულწილად გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯებია. უახლესი პრაქტიკა და საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს ეროვნული სტრატეგიის მიზნებთან მიმართებით შემდგომი რეფორმების რადიკალური გადასინჯვისა და დარღვევების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფის საჭიროებაზე... იმედია, სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები იტვირთა, განაგრძობს აუცილებელი რესურსების მოძიებას ამ მიმართულებით წინსვლის შენარჩუნებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით,პირადი ცხოვრების დაცვასთან ერთად, ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეკრების თავისუფლებასა და განსაკუთრებით დემონსტრაციებთან დაკავშირებით, კვლავაც საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.

დოკუმენტის მიხედვით, ამავდროულად, საჭიროა მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების სტატისტიკის შეგროვება და გამოქვეყნება.

“აღსანიშნავია, ასევე კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც 2014 წლიდან მზადების პროცესშია და კვლავ არ არის დასრულებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშშია აღნიშნულია რომ, „ეროვნული სტრატეგიის მიზანია იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების ადეკვატური პირობებით უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია; აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელადგილზე დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ზომის მიღება“, თუმცა საერტაშორისო ექსპერტი დასძენს, რომ „იძულებით გადაადგილებული პირები ყოველთვის არ არიან სათანადოდ ან დროულად ინფორმირებულნი მათ წინაშე არსებული განსახლების შესაძლებლობების, შესაბამისი შერჩევის კრიტერიუმების ან საარსებო წყაროების უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ. უნდა შეფასდეს, რამდენად შეძლებს სამინისტროს ახლად მიღებული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა ამგვარი პრობლემების გადაჭრას“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან ქმნის ყველა ადამიანის თანასწორობის დაცვის შესაძლებლობასა. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, რომ რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, საქართველოში კვლავ გამოწვევა რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

“ამასთან, შემაშფოთებელია რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების და ნაციონალისტების მიერ ეთნიკური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და მესიჯებზე. იმედია, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს ამგვარი საქმეების უფრო ეფექტურ და დროულ გამოძიებას და დევნას. თუმცა, ამ სფეროში ეფექტური ცვლილება იწყება ლიდერებისგან, რომლებმაც საჯაროდ უნდა დაიცვან ტოლერანტობისა და ანტი-დისკრიმინაციული პრინციპები, განსაკუთრებით LGBTQI თემის წარმომადგენლებთან მიმართებით. LGBTQI პირების დაცვა საჭიროებს კონკრეტულ სტრატეგიასა და სახელმძღვანელო მითითებებს, შესაბამის სანქციებთან ერთად“, – ნათქვამია ანგარიშში. 

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია „სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე.

რაც შეეხება გენდერული თანასწორობას, დოკუმენტში აღნიშნულაი, რომ „საჭიროა უფრო ძლიერი მექანიზმების ამოქმედება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას, ექსპერტი ხაზს უსვამს ბავშვთა უფლებების კოდექსს, რომელიც 2019 წლის სექტემბერში პარლამენტმა მიიღო. 

“კოდექსის არსებობა მისასალმებელი ნაბიჯია, ახლა კი მთელი ძალისხმევა მისი პრაქტიკაში დანერგვისაკენ უნდა მივმართოთ, რათა აღნიშნულმა საქართველოში ბავშვების ცხოვრებაზე, გრძელვადიანი, დადებითი გავლენა მოახდინოს. მრავალი ინიციატივის წარმატება ბავშვების დაცვის თვალსაზრისით, დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე, რომლის მიზანი იქნება სიღარიბის შემცირება, რადგან სწორედ ეს არის ბავშვების მრავალი პრობლემის საფუძველი,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში მოცემული სხვა მიგნებები და რეკომენდაციები:

გამჭვირვალე, დემოკრატიული კანონშემოქმედების კულტურის განვითარება, რომელიც დაინტერესებული პირების, განსაკუთრებით სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს მოიცავს, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. კანონპროექტის

შედგენისას შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ და ნათლად უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირებს, და ერთიანი ძალებით გადაილახოს ნებისმიერი დაბრკოლება.

მოსამართლეების და პროკურორების დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფის საკითხი კვლავაც აქტიურად უნდა განიხილებოდეს.

ეროვნულ სტრატეგიის ინსტიტუციური დემოკრატიის სულისკვეთების გათვალისწინებით, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მედია პლურალიზმის დაცვისაკენ. საქართველომ უფრო მაღალი პოზიცია უნდა დაიკავოს თავისუფალი პრესის რეიტინგში.

ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის წახალისება უნდა ხდებოდეს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ კარიერულ სისტემაში, როგორცდაქირავებისას, ისე დაწინაურების ეტაპებზე.

შემდგომში ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მთავრობის როლს ეროვნული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტების რეალიზაციის პროცესში.

სამომავლო სამოქმედო გეგმების ფარგლებში უნდა შემუშავდეს ქვემოთ განხილულ სფეროებთან დაკავშირებული დამატებითი კრეატიული და ინოვაციური საინფორმაციო პროგრამები, განსაკუთრებით რეგიონებში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"