გურამიშვილზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი, პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით, გამოანგრია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს" - აცხადებენ უწყებაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საპარლამენტო უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა დატოვა