რამდენად შესაძლებელია, NATO-ს მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გავრცელებაზე დროებით უარის თქმამ, დაძლიოს რუსეთის დე ფაქტო ვეტო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე? - ექსპერტების მოსაზრებები

10 სექტემბერს თბილისის რიგით მე-5 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განიხილოს ნატო-ში გაწევრიანება იმგვარი სცენარით, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხშირად განიხილება, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი. 

რასმუსენის წინადადებას წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა ქართულ საზოგადოებასა და მედიაში, რამდენადაც არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების ფონზე, რომელიც მეტწილად რუსეთიდან მომდინარეობს, ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევა. მეორე მხრივ კი, ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს ძალიან სენსიტიურ შიდასახელმწიფოებრივ საკითხს, რომელთანაც წინდაუხედავად მიდგომას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ბედავს. ნატო-ში გაწევრიანების ამგვარ სცენარს, რომ მე-5 მუხლი დროებით მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, აქვს რამდენიმე საკვანძო განზომილება, მათ შორის, ის, თუ რა რეაქცია ექნება საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთისგან და როგორ მიიღებს ამას დასავლეთი. 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან ექსპერტების მოსაზრებებს ზემო აღნინშნულ საკითხზე. კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:  

თუ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას (რაც ჯერჯერობით არ მომხდარა), რამდენად რეალისტურს გახდის ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას? 

რა შეიძლება იყოს რუსეთის პასუხი? 

რამდენად შეასუსტებს ამგვარი გადაწყვეტილება იმ სკეპტიკოსების პოზიციებს, რომლებიც ხშირად მიუთითებენ მოუგვარებელ კონფლიქტებზე, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორზე? 

დოქტ. ნილ მაკფარლეინი, ლესტერ ბ. პირსონის პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში, წმ. ანას კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი 

რასმუსენი ყოფილი გენერალური მდივანი გახლავთ და მის წინადადებას არაფერი აქვს საერთო ნატო-ს დღევანდელ პოლიტიკასათან. გადაწყვეტილება არ არსებობს და, შესაბამისად, საქართველო მას ვერ მიიღებს, რადგან ნატო-ს ოფიციალურად არაფერი შემოუთავაზებია და, როგორც ვიცი, საქართველოსა და ნატო-ს შორის არ გამართულა დისკუსიები ამ საკითხზე. სხვათაშორის, ამ წინადადების მიღება, ფაქტობრივად, იქნებოდა რუსეთის პოზიციის აღიარება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს „ახალი რეალობა“. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა აწონ-დაწონოს რისკები, რადგან ამგვარმა შეთავაზებამ შესაძლოა გამოიწვიოს შიდა მღელვარება, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის და ასევე საზოგადოებრივ აზრში, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ გააკრიტიკოს მთავრობა. 

ის, რამაც, შესაძლოა, გარდატეხა შეიტანოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არის აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის აღიარება საქართველოს მხრიდან. ეს არ მოხდება და სწორია, რომ ასეა. რამდენადაც მე მესმის რუსეთის პოზიცია ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, მისთვის მნიშვნელოვანია ზოგადი პრინციპი  და არა საქართველოს სიტუაციის სპეციფიკური დეტალები.  მათ არ სურთ დამატებითი ტერიტორიების მოხვედრა მე-5 მუხლის გარანტიის ქვეშ (ან ნატო-ს ჯარების განლაგება) უშუალოდ მათ საზღვართან. ასე რომ, თუ ნატო ამას გააკეთებს,  თბილისის ქუჩებში რუსი ტურისტების ნაცვლად, შესაძლოა, სხვა ტიპის რუსები მიიღოთ (შეიარაღებული და უნიფორმებში). ეს იქნებოდა ნატო-ს მე-5 მუხლის პირდაპირი გამოწვევა, რომელიც ალიანსის საფუძველს წარმოადგენს. პრაქტიკულად, არ მოიძებნება ნატო-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ომის მაღალი ალბათობა სურს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება შეუქცევადი ხასიათის იქნებოდა, არამედ იმიტომაც, რომ თუ მე-5 მუხლის წევრი ქვეყანა გახდება აგრესიის მსხვერპლი, ეს ფაქტი გარანტიას შეასუსტებს.

თუ სწორად მახსოვს, ნატო-ს გაფართოების შესახებ კვლევის (1995) მიხედვით, ქვეყნებმა, რომელთაც სურთ შეუერთდნენ ალიანსს, შიდა კონფლიქტები გაწევრიანებამდე უნდა მოაგვარონ. საქართველოს არ აქვს კონფლიქტები მოგვარებული და, შესაბამისად, ნატო-ს ამგვარი გაფართოება ამ თავდაპირველი კრიტერიუმების დარღვევა იქნებოდა. წარსულში ნატო ყოველთვის იღებდა ამ კრიტერიუმებს მხედველობში და ბუნდოვანია, რატომ შეიძლება, უგულებელყოს ისინი ახლა. 

ამ იდეის მხარდაჭერამ, შესაძლოა, საზოგადოება იმ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს საქართველოს ლეგიტიმურ მოთხოვნაზე, რომ მისი სუვერენიტეტი გავრცელდეს ქვეყნის სრულ (საერთაშორისოდ აღიარებულ) ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებით, საქართველო რუსული აგრესიის შედეგების ირიბ ლეგიტიმაციას მოახდენდა. ამგვარმა ქმედებამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდგომი აღიარება საერთაშორისო დონეზე. 


დოქტ. რობერტ ჰამილტონი, ასოცირებული პროფესორი, ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯი; შავი ზღვის რეგიონის მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა - რას შეცვლის საქართველოს ნატო-ში იმგვარი სცენარით მიღება, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთზე“? ამას მინიმალური გავლენა ექნება საქართველოს უსაფრთხოებაზე და ამავე დროს, არც ნატო-ს დაეკისრება რამე განსაკუთრებული ვალდებულება. ნატო-ს წევრი საქართველო, რომელიც თავს ესხმის სეპარატისტულ რეგიონებს (ეს განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია) ვერ გამოიწვევს მე-5 მუხლის გააუქტიურებას, რადგან ამ შემთხვევაში აგრესორი საქართველო იქნება. მეორე მხრივ, ნატო-ს წევრი საქართველო, რომელსაც რუსეთი ესხმის თავს ამ რეგიონებიდან, გამოიწვევს მე-5 მუხლის ამოქმედებას, მიუხედავად იმისა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდა ზემოხსენებული სცენარით თუ არა. მე-5 მუხლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული წევრი ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება მისი პასუხი - ომში ჩართვა ავტომატურად არ ხდება.  

ამ გადაწყვეტილებას რუსეთის რეაქციაზეც არ ექნება დიდი გავლენა. მიუხედავად იმისა მე-5 მუხლი დაფარავს თუ არა ოკუპირებულ რეგიონებს, ნატო-ს გადაწყვეტილებაზე, რომ მზადაა საქართველოს მისაღებად, რუსეთის რეაქცია იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერება და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა. ეს მოხდება პერიოდში ნატო-ს მიერ ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან საქართველოს ნატო-ში მიღებამდე. რუსეთის მიზანი იქნება წარმოაჩინოს საქართველო, როგორც გაუწონასწორებელი და არასაიმედო სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ნატო რუსეთთან ომში ჩაითრიოს - იგივე ტაქტიკა, რაც 2008 წელს წარმატებით გამოიყენა. 

თუ მე-5 მუხლი აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთზე არ გავრცელდება, ამან, შესაძლოა, საფუძველი გამოაცალოს არგუმენტს „მოუგვარებელი კონფლიქტების“ შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა იყენებს, რათა გაამართლოს თავისი სკეპტიკური პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებაში. თუმცა, სინამდვილეში, ამ ქვეყნების სკეპტიციზმს განაპირობებს რუსეთთან ომის საფრთხე, რომელსაც ემატება მათი წარმოდგენები საქართველოზე, როგორც პოლიტიკურად არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ქვეყანაზე. საქართველოს მხრიდან მსგავსი ეჭვების გასაბათილებლად საუკეთესო გზა დემოკრატიის კონსოლიდაცია და პოლიტიკური ქცევის დაბალანსებაა, რომელიც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. ირონულიად ჟღერს, რომ დასავლეთში არსებული პოლიტიკური კრიზისებისა და ნორმების ეროზიის ფონზე დასავლეთი ჭკუას არიგებს საქართველოს, მაგრამ ისინი არ ესაზღვრებიან რუსეთს. ყოველივე ამას კი მივყავართ კიდევ ერთ საკითხამდე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია - გეოგრაფია.   

დოქტ. დენიელ ჰამილტონი, ავსტრიის მარშალის გეგმის ფონდის პროფესორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა (SAIS)

რასმუსენის შემოთავაზება დამაინტრიგებელია. მისი განზრახვა დასაფასებელია: ბიძგი მისცეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანება დამოკიდებულია, უშუალოდ, საქართველოსა და ალიანსზე, და არა მოსკოვზე ან რომელიმე სხვა დედაქალაქზე. თუმცა, არსებობს სირთულეები. 

პირველი რიგში, ეს მხოლოდ რასმუსენის პირადი მოსაზრებაა; მისი შემოთავაზება არ არის ნატო-ს ოფიციალური წინადადება და არც ალიანსში არსებობს კონსენსუსი მოვლენათა ამგვარი განვითარების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციებში კარგად გაერკვევა და თავს არ ჩაიგდებს ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ალიანსის მხარდაჭერას. 

საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია იმის საჩვენებლად, რომ მზად არის აიღოს ნატო-ს წევრობის პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, ალიანსის შიგნით არ არსებობს კონსენსუსი საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. მიზეზები განსხვავებულია სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსთვის; ზოგიერთ მიზეზს კი კავშირი საერთოდ არ აქვს რასმუსენის წინადადებასთან. 

მეორე სირთულე არის ის, რომ რასმუსენის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია შეიცავს რისკებს. რომც არსებობდეს კონსენსუსი ნატო-ს წევრებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ რასმუსენის მიერ შემოთავაზებული გზა ალიანსისთვის მისაღებია, ქართველები მაინც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, მისაღებია თუ არა ეს გზა თავიანთი ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, მე-5 მუხლის გავრცელების შეზღუდვამ საქართველოს სადავო ტერიტორიებზე, შესაძლოა, მართლაც შეუწყოს ხელი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას და საქართველოს პოზიციების გაძლიერებას რუსეთთან მიმართებაში. მეორე მხრივ კი, ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგობა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეინტეგრაციის მიმართ და, შესაბამისად, გაზარდოს დაძაბულობა. 

მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში არის შიდასახელმწიფოებრივი, და არა საგარეო: კერძოდ, მზარდი ალბათობა იმისა, რომ საქართველო, შესაძლოა, რეგრესს განიცდიდეს დემოკრატიზაციის გზაზე, განსაკუთრებით, იმ მიღწევების ფონზე, რომლებიც მას აქამდე ჰქონდა. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულები არიან გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი სიღრმისეული ხარვეზებით. ამასთან, არსებობს კითხვები დემოკრატიული პროცედურებისა და ინსტიტუტების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება დიდი ყურადღებით მოხდება. 

დოქტ. შალვა ძებისაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი

მე-5 მუხლის გავრცელება მხოლოდ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე, რეალისტურად რომ შევხედოთ, გაცილებით უფრო წინააღმდეგობრივი და პრობლემურია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ნატო-სთვის. როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ზე, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ნატო, როგორც ორგანიზაციული ერთეული/მექანიზმი, და ნატო, როგორც ცალკეულ სახელმწიფოთა ერთობა. ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, ტექნიკურად არ აქვს პრობლემა „ჩასწორებული“ მე-5 მუხლი გაავრცელოს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამომდინარე ალიანსის ძირითადი ფუნქციიდან, გადაწყვეტილებები ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსის შედეგად მიიღოს. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდუალურ სახელმწიფოზე, რომელიც აფასებს სიტუაციას და წყვეტს ხელს შეუწყობს თუ არა კონკრეტული გამოსავალი ნატო-ს მიმართ სანდოობის გაზრდას, ამ კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების განხორციელებას და დაეხმარება თუ არა ეს გამოსავალი საქართველოს ტერიტორიის არაოკუპირებულ ნაწილს საიმედო თავდაცვის გარანტიებით უზრუნველყოფაში. აღნიშნული პერსპექტივიდან, საქართველოსთვის საიმედო თავდაცვის გარანტიების საკითხი არის ერთადერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. პირველი, უნდა არსებობდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება სამხედრო დახმარება გაუწიოს საქართველოს. მეორე, ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ეს სამხედრო დახმარება დროულად მიეწოდოს საქართველოს. იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს დადებითი პასუხი ექნება ორივე შეკითხვაზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ფორმალობა გახდება და ძალიან სწრაფად მოხდება. თუმცაღა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წევრი სახელმწიფოები კონსენსუსამდე მივლენ, მაპი მაინც დარჩება ალიანსში გაწევრიანების ძირითად მექანიზმად. აქედან გამომდინარე, შიდა პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებიდან მაპის საქართველოსთვის ფორმალურად მინიჭებამდე ნატო-მ უნდა უზრუნველყოს ძლიერი ფიზიკური სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში, რათა არ დაუშვას რუსეთის სამხედრო მცდელობები და შემდგომი ესკალაცია ან ტერიტორიის მიტაცება. საქართველოსთვის ყველაზე სარისკო პერიოდი იქნება მაპის ოფიციალური შემოთავაზების წინა პერიოდი, სანამ მე-5 მუხლთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული იქნება. თუ ყოველივე ეს წინასწარ კარგად არ იქნება მომზადებული, ნატო შეეჩეხება კრემლის ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეცვლის მოცემულობას და მე-5 მუხლთან დაკავშირებული კონსენსუსი ისევე, როგორც მაპი, გახდება დაგვიანებული და არარელევანტური.  

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ სკეპტიკოსებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი საბაბი შეიძლება ჰქონდეთ, ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად ერთით ნაკლებ ფორმალურ საბაბს დატოვებს მათ არსენალში. 

დოქტ. ტრეისი ჯერმანი, დეკანის მოადგილე აკადემიური კვლევების მიმართულებით, თავდაცვის სწავლებების დეპარტამენტი, ლონდონის კინგსის კოლეჯი. 

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან საინტერესოა, რადგან ის ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო დაბრკოლებას: გადაუჭრელი ტერიტორიული დავების საკითხს. ნატო-ს მიერ 1995 წელს გამოქვეყნებული გაფართოების შესახებ კვლევის ანგარიშში დაწესებული ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმების მიხედვით, ტერიტორიული დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსაზღვრისას, მოიწვიონ თუ არა სახელმწიფო ალიანსში გასაწევრიანებლად. არსებობს გამონაკლისები, როდესაც სახელმწიფოს ალიანსში მიღების სტრატეგიულმა ლოგიკამ გადაწონა გაწევრიანების  კონკრეტული კრიტერიუმები: ამ მხრივ, საბერძნეთი და თურქეთი 1952 წელს და დასავლეთ გერმანია 1955 წელს ყველაზე თვალსაჩინო გამონაკლისებია. თუმცა, მე-5 მუხლის გავრცელების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე ბადებს შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება იმ ტერიტორიების სასაზღვრო ზოლების დემარკაცია, რომლებზეც მე-5 მუხლი არ გავრცელდება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე-5 მუხლის გავრცელების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმართულია დროის მოსაგებად კონფლიქტების მოგვარებისთვის, ამგვარი ნაბიჯი მაინც შეიძლება, აღქმული იქნას, როგორც ქართული მხარის მიერ უარის თქმა ამ ტერიტორიებზე. 

რასმუსენის განცხადება მიმართული იყო იმისკენ, რომ ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის და, ამავდროულად, გამოერიცხა მოსკოვის ნებისმიერი სახის გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. თუმცა, ყოველივე ამას შესაძლოა ჰქონდეს საპირისპირო შედეგი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი მიიღებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას საპასუხო ქმედების გარეშე და მაშინ, როცა რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები კვლავ დაპირისპირებითა და დაძაბულობით ხასიათდება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, სავარაუდოდ, აღქმული იქნება, როგორც პროვოკაცია. რუსეთის ანტიპათია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და, ზოგადად, ალიანსის გაფართოების მიმართ კვლავ არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება გაწევრიანების გზაზე. ასე რომ, მართალია რასმუსენის განცხადებამ ბიძგი მისცა დისკუსიას ამ საკითხზე, საქართველო უნდა კონცენტრირდეს რეფორმების გაგრძელებაზე, რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები და ნატო-ში გაწევრიანება არ დარჩეს შორეულ ოცნებად. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს