"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადაღდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის 60%–იან წილს ყადაა დაედო,– ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე იუწყება.   

"სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო. 

რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში

2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა",– წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში. 

სარჩელი წარმოებაში სასამართლომ ახლახანს მიიღო, თუმცა გამარჯვებაში  დარწმუნებულია აქიმიძე

„კარგია, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სასამართლო პროცესი. როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ყველაფერი როგორ მოხდება, ამას იმედია, ყველა ერთად ვიხილავთ. რაც შეეხება 60%-ს, ჩვენ ვითხოვდით, ჩვენს კუთვნილ 6 0%-ზე ყადაღის დადებას და კარგია, როდესაც სასამართლომ ეს გაითვალისწინა. ეს ნიშნავს იმას, რომ დავის დასრულებამდე დღევანდელ მეპატრონეს არ შეეძლება გაასხვისოს წილების 60-%“.

კიდევ ერთი დამფუძნებლის დვალის განცხადებით, ბრძოლა ახლა იწყება: 

„ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და მოსალოდნელი, რაც იყო სასამართლოს მხრიდან, არის ის, რომ გაგვირთულებდა, ხანდაზმულობას დააბრალებდა და სარჩელს წარმოებაში არ მიიღებდა. რადგანაც სარჩელი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხი მოხსნილია და უნდა გადავიდეთ არსებით განხილვაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ჩვენს ადვოკატს დავუჯერებთ, გაცილებით უფრო მარტივად და მომგებიანად არის ჩვენი საქმე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა წილის დაყადაღების თაობაზე.

ქიბარ ხალვაშმა დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოაცხადა, რომ სურვილი აქვს გაყიდოს წილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავა არ დასრულდება, არ მოხდეს წილების გასხვისება. შესაბამისად, ჩვენთვის დადებითია, რომ ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია".

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვიე ემზადება ხალვაში ადვოკატი პაატა სალია. 

„უნდა მივიღოთ დოკუმენტები სასამართლოსგან და მოსარჩელე მხარისგან. სასამართლოსგან უნდა მივიღოთ განჩინება და მოსარჩელისგან უნდა მივიღოთ სარჩელი. ამ ეტაპზე არც ერთი დოკუმენტი არ მიგვიღია. როცა ჩაგვბარდება მათი მხრიდან სარჩელი, გვექნება 10 დღის ვადა, რომ ვუპასუხოთ შესაგებლით, ხოლო გაანჩიების ჩაბარების შემდეგ, 5 დღის ვადა გვექნება, რომ გავასაჩივროთ.

ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჰქონდათ დიდი დრო, ხანდაზმულობის ვადებში მიემართათ სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებთ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პოზიციას და სასამართლომ ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს. ჩვენი აზრით, არსებობს სრული საფუძველი, გაიზიაროს სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სარჩელს, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა არგუმენტებიც, რატომ მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ დამფუძნებლებმა სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს. სარჩელში ერთ–ერთი მთავარი მოპასუხე არხის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშია. თავის მხრივ ხალვაშმა ტელევიზია რამდენიმე თვის წინ გადაიფორმა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის 100%–იანი წილი ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგმა კი საქმეში დარღვევები არ დაადგინა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ