ადვოკატი: "გახარიას წერილის" შუამავალი მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს "გახარიას წერილი" გადასცა, მზადაა, გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს.

„ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ხოლო ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად,“ - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარაია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

„არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგან მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის: ადვოკატებმა 11 სექტემბერს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას. 

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"