"მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას, სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი"

მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას, სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი – ტოლერანტობა, ღიაობა და წარსულზე სწავლა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„დღეს დილით, როდესაც თბილისის ქუჩებში გავიარე, ძველი თბილისის ხედებით მოვიხიბლე, რომელიც ბევრი ტურისტის მთავარ მიმართულებად იქცა. ბევრი სწორედ ამ ქუჩების სანახავად ჩამოდის თბილისში, რომელიც გახლავთ უნიკალური ტრადიციების, კულტურის გამოხატულება დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე.

თქვენ ამ ქუჩებში ნახავთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა სალოცავებს. ქრისტიანულ ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგას და სხვას. მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას. სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი – ტოლერანტობა, ღიაობა და წარსულზე სწავლა“, – განაცხადა ლაგარდმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველომ განსაკუთრებული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გამოიარა.

„ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და წარმოებამ კოლაფსი განიცადა. ამ მტკივნეული ჭრილობებით საქართველომ დაიწყო ახალი ეტაპი. ბოლო წლებში ქვეყანამ გასაოცარი ტრანსფორმაციის მაგალითი აჩვენა. სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ეკონომიკიდან საქართველო სერვისებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადავიდა, მათ შორის ტურიზმზე, რომელიც უკვე ვახსენე. გაიზარდა შემოსავლები, გაძლიერდა ვაჭრობა და საქართველომ შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო. ეს ტრანსფორმაცია მუშაობის, რეფორმებისა და ღიაობის შედეგია.

მაგრამ, როგორც ბევრ სხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვნახეთ, ღიაობა ასევე იწვევს მოწყვლადობას და ეკონომიკა უფრო მგრძნობიარე ხდება. მასზე აისახება და ზემოქმედებს სხვადასხვა ტენდენციები, შოკები, რამაც შესაძლოა ეკონომიკა დააზიანოს. ეს ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp