ერდოღანი ამბობს, რომ სირიაში მის გეგმებს პუტინთან შეხვედრის შემდეგ წარადგენს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს,– იუწყება სააგენტო „როიტერი“.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სწორედ ამ დღეს იწურება აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხუთდღიანი ვადა.

„ჩვენ ამ პროცესს პუტინთან განვიხილავთ და ამის შემდეგ აუცილებელ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სტოლტენბერგი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოსა და უკრაინას