EUReporter – ევროპა და აშშ დააკვირდებიან, გამოწვეულია თუ არა კონსორციუმისთვის ვადის გახანგრძლივება პორტის პროექტის განხორციელების რეალური სურვილით

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავ საერთაშორისო მედიის ცენტრშია. ასე მაგალითად, ბრიუსელში მდებარე ევროპული მულტიმედიური ახალი ამბების პლატფორმა Eureporter აქვეყნებს სტატიას სათაურით „ანაკლიის პროექტის გადასარჩენად მედიატორობაა საჭირო“. 

სტატიის ავტორი მარტინ ბენკსი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა.

„რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს.

აღსანიშნავია, რომ თავად კონსორციუმი, რომელმაც ხელშეკრულება 2016 წელს გააფორმა (რომელიც 2,5მლრდ დოლარის ღირებულების პორტის აშენებას ითვალისწინებს), მთავრობას პროექტის საბოტირებაში, კერძოდ, მის მიერ მოძიებული ინვესტორებისთვის უარის თქმაში ადანაშაულებს.  

კონსორციუმისთვის  ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას თბილისში მიიჩნევენ მთავრობის მცდელობად, თავიდან აიცილოს ჟენევაში მოსალოდნელი საჩივარი პროექტისთვის შეფერხებების შექმნის გამო. თუმცა ზოგიერთი დაინტერესებული მხარე უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ მან საბოლოოდ მხარი დაუჭიროს ამ პროექტს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მიესალმა მთავრობის ხსენებულ გადაწყვეტილებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.  კონსორციუმს ამ პრობლემების მოგვარება მარტო, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია“.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ამერიკული კომპანია „Conti International“–ის მიერ კონსორციუმიდან გასვლის მიზეზზეც:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თანამდამფუძნებელმა “Conti International“–მა აგვისტოში  დატოვა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, საქართველოს მთავრობამ პორტის პროექტის განხორციელების მიმართ ინტერესი დაკარგა“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობას შუალედური ვალდებულებების შესასრულებლად კონსორციუმისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე  ჰქონდა გახანგრძლივებული და ამ პერიოდისთვის კონსორციუმმა “Conti International“–ის ჩასანაცვლებლად ორი კვალიფიციური ინვესტორი წარადგინა, თუმცა მთავრობამ ორივე დაიწუნა.

„15 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილ ორ ახალ კომპანიას მთავრობამ უარი უთხრა. საერთო ჯამში, ხუთმა ინვესტორმა განაცხადა უარი, ჩართულიყო პროექტში და აღნიშნულის მიზეზი პროექტით დაინტერესებულ მხარეებთან ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზე მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ნეგატიური განცხადებები გახდა“, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის:

„სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ანაკლიის  მნიშვნელობა ნათელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, ცენტრალური აზიის რეგიონებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მიზნად ისახავს საქართველოს მიანიჭოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო ცენტრის სტატუსი. პორტის პირველი ფაზის ექსპლუატაციაში  სრულად შესვლა 2020 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.  პორტს  საშუალება ექნება მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU)  გემები.  ეს (ანაკლიის პორტის მშენებლობა) საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია იქნება.  ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, ვის შეიძლება, არ აწყობდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალობად ქცევა: 

„მიიჩნევენ, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამ პროექტის განხორციელებას, რადგან იგი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს რუსულ ნოვოროსიისკის პორტზე და შეასუსტებს რუსეთის გავლენას რეგიონულ ტრანსპორტირებაზე. გარდა ამისა, თბილისში დიპლომატიურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება ამ პროექტს, რადგან იგი მთავრობის პრორუსულ დღის წესრიგს არ შეესაბამება. ამასთან, შიშობენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებითაა დაინტერესებული, ზეგავლენის ბერკეტს გაუჩენს“.

როგორც გამოცემა წერს, „დასავლელი დიპლომატები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოში ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას და მოუწოდებდნენ საქართველოს, ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა, აეღორძინებინა ქვეყნის ეკონომიკა და ამავდროულად შეესრულებინა გადამწყვეტი როლი სავაჭრო ურთიერთობებში. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პროექტის მიმართ  აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერი და თანმიმდევრულია და ამის დასტურად საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებებს ციტირებს:

აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: „ამერიკის შეერთებული შტატებს კვლავინდებურად სჯერა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავინდებურად გვჯერა რომ, პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგანაც ის ეკონომიკის სფეროში ამერიკა-საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი: „ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ამ პროექტის განსახორციელებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია“.

„ევროპა და აშშ დიდი ინტერესით დააკვირდებიან, ნამდვილად არის თუ არა საქართველოს მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვადის გახანგრძლივება გამოწვეული სურვილით, პოზიტიურად ითანამშრომლოს კონსორციუმთან პორტის პროექტის რეალიზებისთვის“, – დასძენს სტატიის ავტორი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი