"მთავრობის მხრიდან მსგავსი საქციელი ინტელექტუალური ბანკროტის ნიშანია"

მთავრობის მხრიდან მსგავსი საქციელი ინტელექტუალური ბანკროტის ნიშანია, – ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. 

"ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ ინტერესებს ვემსახურებით და არა საქართველოს მთავრობის ინტერესებს",– განაცხადა ფადი ასლიმ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირობებში ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში იხევს უკან.

"როგორც არ უნდა ცდილობდეს პრემიერი, ხოლო მთავრობა აკეთებდეს ყველაფერს, რომ სიტუაციას შიგნიდან კოვზით მოურიოს და საკითხები გადაჭრას, ბიძინა ივანისვილი ამას ფანჯრიდან მიწას აყრის. ამ მთავრობას შვიდი წლის განმავლობაში საინვესტიციო კლიმატი მხოლოდ უარყოფითისაკენ მიჰყავს და ახლა 2004 წლის მაჩვენებლებზე ვართ გასული. რა შეიძლება გააკეთოს 11 თვეში? კოპერფილდია თუ იესო ქრისტე? სანამ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ქვეყანას, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უკან წავალთ",– განაცხადა ასლიმ. 

საკითხზე კომენტარი გააკეთა დღეს გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ის ასლისთან პირისპირ შეხვეხდრას გეგმავს. 

„სწორედ იმიტომ, რადგანაც ფადი ასლი და მისი ასოციაცია არის გამორჩეული, მათ ცალკე შევხდები“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი დღეს 40-მდე ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი