ფრანგული ვაქცინით გრიპის საწინააღმდეგო აცრა დაგვიანებით დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, წელს მსოფლიოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის მიწოდებამ ერთი თვით გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებს ზამთარში. სწორედ ამის გამო დააგვიანეს ვაქცინის მწარმოებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა იყიდა, რომლითაც 100 000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი. 

"კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ, გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ეს ვაქცინაცია უფასო იქნება. 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად გრიპისა და ვირუსული დაავადებების რიცხვი იზრდება, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში ტყის ხანძრებია