"ჩვენს პრობლემებს რუსეთი მოაგვარებს" - ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა

ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის იდეით, ახალციხეში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა. მისი წევრები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით მოაგვარებენ. ორგანიზაციამ რუსულ მხარეს პირველი მესიჯიც გაუგზავნა და 50 რუსი ახალგაზრდა საქართველოში მოიწვია,– იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".

გამოცემის ცნობითვე, ორგანიზაციამ  „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, ახალციხეში პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს გამართა. მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან დაახლოებით ასამდე ადამიანი ესწრებოდა. მათთან ერთად იმყოფებოდა პუტინთან დაახლოებული პირი და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის იდეით დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „მესხური კოშკის“ ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და მისი მოგვარება სახალხო დიპლომატიის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

„გეგმებში შედის ის, რომ დათბეს ერთა შორის ურთიერთობები და ვიმეგობროთ. აღდგეს ეკონომიკური ურთიერთობები, უვიზო მიმოსვლა, გაცვლითი პროგრამები. პოლიტიკური სიტუაცია რომ დაძაბულია, ამიტომ არის საჭირო ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენა. მიმტევებლობა უპირველეს ყოვლისა. მიტევებით, ურთიერთპატიებით. თუ არადა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და მივალთ ძალიან ცუდ შედეგებამდე. რუსული მხარეც მზადყოფნაშია მეგობრული ნაბიჯების გადმოსადგმელად“, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი.

მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და 50 რუსი ახალგაზრდა საქართველოში, საკუთარ ტურისტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში უკვე მიიწვია: „გავაგზავნეთ საკმაოდ კარგი მესიჯი, ჩვენი ცენტრიდან „მესხური კოშკიდან“ და გავუგზავნეთ რუსეთს 50 ბავშვის მოწვევა, საგზური. პირობა ასეთია, რომ საჰაერო მიმოსვლით მოვიპატიჟეთ ეს ბავშვები, იგივენაირად იქნება მათი მხრიდან, მეგობრული ნაბიჯი გადმოიდგმება, ალბათ. ასევე ჩვენ ვიმუშავებთ ტურისტული სეგმენტის აღდგენაზეც, იმიტომ, რომ საქართველო ტურისტული რესურსით საკმაოდ მდიდარია და ეს რესურსი უნდა იყოს სრულად გამოყენებული“.

საგზურები, რომლითაც 50 ახალგაზრდა საქართველოში უნდა მოიწვიონ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვლადიმირ პუტინთან ვლადიმერ ხომერიკის ხელით გააგზავნეს.

ხომერიკი „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია და ამბობს, რომ პუტინს ძალიან ხშირად ხვდება, ამიტომ, საგზურებს თუ პირადად ხელში არა, ადმინისტრაციას მაინც მიაწვდის. იგი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებით მისმა წევრებმა ეროვნულ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი.

„ეს ორგანიზაციები არის ქართული სულისა და აზროვნების აღზრდა, იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნაა, რომ დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ორი მართლმადიდებული ქვეყანა ვართ და ორივეს გვაქვს ერთი დიდი ისტორია. რუსეთის გარდა, მე რომ მკითხო, არავინ არ გადაჭრის იმ პრობლემებს, რაც დღეს საქართველოს აქვს, არც „ნატო“, არც ამერიკა და არც ევროპა. რუსეთი არის ჩვენი დიდი მეზობელი, ჩვენი სულიერი მეგობარი და ზუსტად რუსეთის ხელშია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - ამბობს ხომერიკი.

შეხვედრის დასასრულს, ხომერიკმა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან სპეციალური სიგელიც მიიღო: „სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ხომერიკს გადავეცით სიგელი. ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანი ემსახურება სახალხო დიპლომატიას, რასაც ჰქვია აღდგენა ამ ურთიერთობების“, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კითხვაზე ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, პარუნაშვილი გვპასუხობს: „ეს ჩვენი ჯიბიდან გაწეული ფინანსებია, თითოეული ქართველის, ჩემი ოჯახის და იმ ჩემი მეგობრების, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. ეს იდეა შემოგვთავაზა ჩვენ თითოეული ქართველის ტვინმა. ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ამისი საჭიროება“.

ახალი ორგანიზაციის წევრი იქნება ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილიც: „მე არ ჩამომიყალიბებია ეს ორგანიზაცია, მაგრამ მისი წევრი ნამდვილად ვიქნები. მე ვუსურვებ თითოეულ ქართველ ადამიანს მშვიდობას. ლამაზი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და მინდა, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო ამ მშვიდობის დარგში. სხვა არაფერი“.

ბოლო პერიოდში, რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის იდეით, ახალციხეში ორგანიზაციის დაფუძნების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ვლადიმერ ხომერიკი ქალაქში ივლისშიც იმყოფებოდა. მაშინ ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს და „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილ წევრ ოლეგ სანდროშვილთან ერთად „მეგობრობა და ერთობა“ უნდა ჩამოყალიბებულიყო. პრეზენტაცია ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიგეგმა, თუმცა მოულოდნელად ღონისძიება ორგანიზატორებმა თავად ჩაშალეს.

ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ახალ ორგანიზაციასთან საერთო არ აქვს: „მე არ ვარ ახალციხეში და თქვენგან მესმის ამ ახალი ორგანიზაციის შესახებ. წარმოდგენა არ მაქვს. ის ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია და მაშინ პრეზენტაციის საკითხზე ხელი შეგვიშალეს. ამ თემაზე ინტერვიუ უკვე მივეცით მედიას. მე არ ვარ ამ ახალ ორგანიზაციასთან კავშირში“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"