The Bell: რუსეთის პატრიარქის ახალი რეზიდენცია 2.8 მლრდ რუბლი დაჯდება

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ახალ რეზიდენციას 2.8 მლრდ რუბლად მოუწყობენ, – იუწყება The bell სამშენებლო ბაზარზე თავის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, რეზიდენციისთვის სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ქალაქ პუშკინში მდებარე ფეოდოროვის სამეფო კომპლექსი გადაკეთდება. პროექტის დამკვეთი რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოა, შემსრულებელი – სამშენებლო კომპანია Geoizol. სამუშაოების დასრულება 2021 წლის დეკემბერისთვის იგეგმება.

თავად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ „რეკონსტრუქციის სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მიზნით წარმოებს“. მისივე ინფორმაციით, „კომპლექსი განკუთვნილი იქნება უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მოწვეული სტუმრებისთვის, მათ შორის უცხოური დელეგაციებისთვის“.

ამასთან, სამმართველოში არ უარყვეს, რომ „კომპლექსში გათვალისწინებულია სივრცე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ სარგებლობისთვისაც, მათ შორის  – პატრიარქისთვის მისი სანქტ-პეტერბურგში ყოფნის პერიოდში“.

კომპლექსის მხოლოდ იმ ნაწილის ფართობი, რომელიც რესტავრაციას დაექვემდებარება, თითქმის ორ ჰექტარს შეადგენს, 2000კვ/მ ფართობის მქონე თეთრი ქვით მოპირკეთებული დარბაზი სასტუმროდ გადაკეთდება პატრიარქის მაღალი რანგის სტუმრებისთვის, თავად რეზიდენცია აღჭურვილი იქნება ელექტრონული მართვის სისტემით. გარდა ამისა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისთვის 25 კვ/მ ფართობის წყალსაცავს მოაწყობენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp