„ეს არის საქართველო–ბრიტანეთის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანა"

21 სექტემბერს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ გაფორმდა. 

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა;  ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები;  საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; რეგიონული თანამშრომლობა და სხვა.

შეთანხმება „ბრექსითის“ შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში  ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

საქართველოსთვის ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე „აქცენტი“ ანალიტიკოს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა:

„ეს არის საქართველო–ბრიტანეთის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებიდან მოყოლებული ბრიტანეთთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს და თითქმის ყველა საკითხში, განსაკუთრებით ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მიმართულებაში იგი ყოველთვის ჩვენი მხარდამჭერი იყო და არის. შეთანხმება ქვეყნების ურთიერთობების ყველა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საუბარია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ერთობლივი საქმიანობის წარმართვაზე. საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა, რომელშიც პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სექტორი მოითხოვს რეფორმებს, დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას და ა. შ. ყველა ამ მიმართულებით ბრიტანეთთან გვექნება თანამშრომლობა, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არ არის საქმის ნულიდან დაწყება, ბრიტანეთი ბევრ საკითხში დახმარებას დღემდეც გვიწევდა. ხელშეკრულება პრინციპების ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც მხარეები შეთანხმდნენ. ამ პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდება სწორედ ის აქტივობები, რომლებიც ერთის მხრივ, საქართველომ და მეორეს მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა უნდა ჩაატარონ. ამ ერთობლივი ღონისძიებების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მიზანი – ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის რეალიზაცია დაახლოებით ისევე, როგორც ამას საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გულისხმობს. ამ ქარტიის შესაბამისად არსებობს სპეციალური ინსტიტუციური სტრუქტურა ჩვენი თანამშრომლობისა. 

– ახსენეთ აშშ–სთან სტრატეგიული თანამშრომლობა. პერიოდულად მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ რადგან ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება ნატო–ში გაწევრიანება, უმჯობესი იქნება, საქართველოს აშშ-ისთვის ნატო–ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიენიჭოს დ ქვეყანამ ამაზე დაიწყოს ზრუნვა. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

– არა მარტო ეს, არამედ  კიდევ უამრავი სხვა ნაბიჯი შეიძლება, გადაიდგას.

–კონკრეტულად რას გულისხმობთ? 

–მაგალითად, ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაფართოებას. მაგალითად, აშშ–სა და საქართველოს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების გამოკვეთას. მაგრამ ყველაფერ ამას ჩვენგან სჭირდება მუშაობა და დარწმუნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისა, რომ ეს ნაბიჯები ჩვენს საერთო ინტერესებშია. ის, რომ საქართველოს უსაფრთხოება აშშ–ის ინტერესებშია, ეჭვს არ იწვევს იმიტომ, რომ აქ ამერიკული კაპიტალიც არის დაბანდებული და რაც მთავარია, უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით.

–ბრძანეთ, ამ ყველაფრის მიღწევას ჩვენგან სჭირდება მუშაობაო. როგორ შეაფასებდით მოქმედი მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით, არის ის სათანადო და საკმარისი?

–საკმარისი არის ის სამუშაო, რომელსაც შედეგი მოაქვს. შედეგი როდესაც დადგება, მაშინ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ საქმიანობა არის საკმარისად გაწეული. მანამდე ჩვენი საქმიანობის მოცულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სულაც არ არის საკმარისი. მთავარია, მივაღწიოთ მიზანს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"