ლავროვი ადასტურებს, რომ სოჭის შეხვედრის შემდეგ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან „ისტორიულ შეთანხმებას“ მიაღწია. ამის შესახებ ერდოღანმა რუს კოლეგასთან დაახლოებით 6,5 –საათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„თურქეთისა და რუსეთის ძალები სირიაში, საზღვრიდან 10კმ–ის სიღრმეში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ“, – განაცხადა ერდოღანმა. 

ერდორანისა და პუტინის მიერ დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 23 ოქტომბრის დღის 12:00-დან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო ძალები სირიის მხრიდან  თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსდებიან, რათა ხელი შეუწყონ ქურთთა შენაერთებისა და მათი შეიარაღების სირიის ჩრდილოეთიდან გაყვანას. ეს პროცესი უნდა დასრულეს 150 სთ-ში. ამის შემდეგ რუსული და თურქული ძალები საზღვრის გასწვრივ 10 კმ-იან ზონაში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ ყველგან, გარდა ქალაქ ქამიშლისა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება თურქულ სამხედრო ოპერაციაზე მოსკოვის პოზიციას, კრემლში აცხადებენ, რომ პატივს ცემენ თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სირიაში ანკარის ქმედებები პროპორციული უნდა იყოს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. ზავის ვადა დღეს იწურებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა