რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები საქართველოს საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის დაშორებით ხორციელდება. ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემა SWOT-ში განაცხადა. 

გრიგოლ ლილუაშვილის თმით, თურქეთი ჩვენი მთავარი პარტნიორია და თუ ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცევა, საქართველოს ეკონომიკაზე ეს ერთ-ერთი უარყოფითად მოქმედი ფაქტორი იქნება, "ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან, შესაბამისად ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები".

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ჭრილში იზრდება იმის რისკი, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რიგებში და შესაბამისად გაძლიერებული "ისლამური სახელმწიფოს" ფონზე საქართველოშიც მივიღოთ გარკვეულ პირთა მიერ რაღაც პროცესები:

"არა მარტო იმ მოქალაქეებს ვგულისხმობ, ვინც იქ არიან, ვინც შეიძლება ამ გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში... არ დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა, ჩვენ ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ასევე, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების კუთხით, ანუ როდესაც გადაადგილდებიან მებრძოლები, შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყანა ამ გადაადგილებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამ მიმართულებით.

პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შეიძლება იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც, ევროპული პასპორტებით ხელში, ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა - უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადში დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ. კარგად მოგეხსნებათ, საფრანგეთის მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად ის, რომ კაცს ჯიბეში უდევს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, ეს არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი. მაინც ვცდილობთ, რომ მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

იხილეთ ასევესირიული კრიზისი: საით აიღეს გეზი "ისლამური სახელმწიფოს" გაქცეულმა წევრებმა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა