ცხინვალის იზოლატორში პატიმრების მასობრივი ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოცქსელში აღმოჩნდა

უცნობმა პირებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ–ერთ პოპულარულ ჯგუფში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორის კამერებიდან მოპოვებული ვიდეო გაავრცელეს, რომელიც 2 ოქტომბერს შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ცხინვალის ციხიდან გაყვანილი პატიმრების ნაწილის მასობრივი ცემის ფაქტს ასახავს. თავად ციხეში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები ჯერ–ჯერობით არ განსაჯაროებულა.   


კადრების გავრცელების დღესვე ალაპარაკდა ოსური პარლამენტის დე ფაქტო სპიკერი ალან ტადტაევი. კერძოდ, ხსენებულ კონტექსტში იგი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამოეხმაურა ოსი ე.წ. დეპუტატების 14 ოქტომბრის მოთხოვნას პატიმრების მასობრივი ცემის ფაქტთან დაკავშირებით დე ფაქტო შს და იუსტიციის მინისტრებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. 

„ჩემს სახელზე მიღებულია დეპუტატების ჯგუფის მოთხოვნა იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევასთვის და შს მინისტრ იგორ ნანიევისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ ციხეში და შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამჟამად ამ მიმართვას განვიხილავთ და რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, საკითხს პრეზიდიუმის სხდომაზე გავიტანთ“,– განაცხადა ტადტაევმა, რომლის ეს კომენტარი ბევრმა პროცესის გაჭიანურების მცდელობად მიიჩნია.

თუმცა პროფესიით იურისტი დე ფაქტო დეპუტატი ზიტა ბესაევა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელობამ რეგლამენტი უკვე დაარღვია, დააგვიანა რა მიმართვაზე რეაგირება:

„მათ ამისათვის ერთკვირიანი ვადა ჰქონდათ და რაკი მიმართვა 14 ოქტომბერს დარეგისტრირდა, პასუხი მაქსიმუმ, 21–ში უნდა გაეცათ. სპიკერს უფლება არ აქვს, ეს საკითხი პარლამენტში განსახილველად არ გაიტანოს, თუნდაც პრეზიდიუმმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. პრეზიდიუმი არც კი განიხილავს და კენჭს არ უყრის ამას, რადგან ინიციატივით დეპუტატთა მესამედი გამოვიდა. ეს საკონსტიტუციო უმრავლესობაა უნდობლობის გამოსახატად, შესაბამისად, საქმე გვაქვს დარღვევასთან. რეგლამენტის 48–ე მუხლის თანახმად, ეს საკითხი განსახილველად რიგგარეშე სესიაზე უნდა გაეტანათ და პრეზიდიუმს მისი განხილვის დაბლოკვის უფლება არ აქვს“. 

ბესაევას აზრით, პროცესს განგებ აჭიანურებენ იმის გამო, რომ გარკვეულ პირებს დე ფაქტო მინისტრებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა არ აწყობთ.

თავის მხრივ პოლიტოლოგი დინა ალბოროვა დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ, რადგან მოხდა უმძიმესი ფაქტი, რომელმაც მთელი საზოგადოება ააფორიაქა და მოვლენათა განვითარებას ახლაც ყველა "გამადიდებელი შუშით აკვირდება":

„ყველა გულდასმით აკვირდება ვითარებას. საზოგადოება პირველად მაშინ აღშფოთდა, როდესაც თავად ფაქტის შესახებ შეიტყო, მეორედ - როცა პარლამენტში მოსმენები დახურულად გამოაცხადეს, მერე - როცა აშკარა გახდა პროცესის გაჭიანურების მცდელობები. კიდევ უარესად აღშფოთდება საზოგადოება, თუ პრეზიდიუმი ორი მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უარს იტყვის. ამიტომაც რეალურად, ახლა საკითხი ასე დგას: რა უფრო მნიშვნელოვანია – „თავისიანები“ გადაარჩინო, თუ აჩვენო საზოგადოებას, რომ სამხრეთ ოსეთში კანონი უზენაესია? მთელი ეს ისტორია, ისევე, როგორც პარლამენტში საკითხის შესაძლო ბლოკირება, უპირველესად, სარეპუტაციო დარტყმაა ხელისუფლებისთვის“.  

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში იმ 30 დე ფაქტო დეპუტატის სია გამოქვეყნდა, რომლებიც ორი ე.წ. მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათი მხარდამჭერი კომენტარები გაცილებით ნაკლები იყო დამგმობზე. კომენტატორთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ე.წ. საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები.





Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს