მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაო შეხვედრებს ვგეგმავთ"

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დიალოგის პრობლემა არ გვაქვს, ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრებს და აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებდი პარლამენტში ღია შეხვედრის გამართვისგან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მხარეების მონაწილეობით პარლამენტში დისკუსია გაიმართოს.

როგორც მინისტრი ამბობს, მოცემულ ვითარებაში საჭიროა სამუშაო შეხვედრები.

„სამუშაო შეხვედრები სჭირდება დღეს ამ პროექტს, რათა სამუშაო რეჟიმში მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვისაუბროთ და გამოვნახოთ გამოსავალი ვითარებიდან და არა საჯარო დისკუსიები პარლამენტში. ჩვენ გვაქვს პარლამენტშიც, მედიაშიც არაერთი დისკუსია და არაერთი ინფორმაცია გვქონდა, პრობლემა არასოდეს გვქონია. ამიტომ მოდით, ვაცადოთ ერთმანეთს, მთავრობას და კონსორციუმს, რომ სამუშაო რეჟიმში იმუშაონ ამ პროექტზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე უზბეკეთის დელეგაციის, უზბეკეთის ვიცე-პრემიერის ანაკლიაში ვიზიტს, მინისტრის თქმით, დელეგაციებს ანაკლიაში კონსორციუმი მასპინძლობს.

„წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინვესტორის და დელეგაციისთვის ხდება პორტის ჩვენება და დაინტერესება მათი ამ პორტის შესაძლებლობებით, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი უზბეკეთის დელეგაცია დღეს საქართველოს ნავსადგურებს, მათ შორის ანაკლიას ეწვევა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს