„ანაკლიის კონსორციუმი“: „8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულია“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის განაცხადებით, ინვესტორი ბანკების მიერ წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან შესათანხმებელი  მხოლოდ ერთი პრინციპული საკითხი (ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნა) დარჩა.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკს, არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ამ ალტერნატიულ ვარიანტზეც ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, კონსორციუმი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადამ არ გადაიწიოს.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადები მაქსიმალურად დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვადები დავიცვათ“, – დასძინა ახვლედიანმა.

ამასთან იგი გამოეხმაურა მთავრობის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მთავრობა პროექტის კომერციულ რისკებს არ დააზღვევს.

"ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია, ტვირთბრუნვის პროგნოზიც ძალიან დადებითია. აქ არის საუბარი გარკვეულ რისკებზე, რომელიც დადებით თუ უარყოფით პროგნოზებთან კავშირში არ არის", – განახადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB), რომლებიც პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს მთავრობასთან სულ 8 მოთხოვნა აქვთ.

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად სწორედ კომერციული რისკების დაზღვევას ასახელებენ.

21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა არ შეუძლია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp