ეროვნულმა ბანკმა რეფირანსირების განაკვეთი კიდევ გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით - 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. უწყება განმარტავს, რომ მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს.

„პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო“, –  აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აასევე მითიტებულია, რომ  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება კი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უწყება მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა