სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, დაკავებული არიან მერიის წარმომადგენელი სოფელ დირბში გიორგი გოგაშვილი და ამავე სოფელში საკრებულოში დეპუტატი სოსლან ქვრივიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ქვრივიშვილს ქრთამის აღებას, გოგაშვილს კი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია ორი პირი და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

განახლება

გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მცხოვრებმა თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.

2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა