ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას "მასშტაბური პროვოკაციების" მზადებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ საქართველოს სპეცსამსახურები უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ. კერძოდ, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ქართველ აქტივისტებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა ქართულ სოფლებში - კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში.“ 

დე ფაქტო უწყების ცნობით, ქართული სპეცსამსახურების მიზანია, ამით მათ „ინციდენტის რაიონში ვითარების ობიექტურ შეფასებაში“ ხელი შეუშალონ.

ჩვენს ხელთ არსებული მასალები მოწმობს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობაზე ზნაურის რაიონის სოფელ უისტის (წნელისი) რაიონში მასშტაბური პროვოკაციების მოსამზადებლად“,– ირწმუნება ე.წ. ოსური კგბ საკუთარ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „რესი“ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებას უარყოფს და პროვოკაციად აფასებს:

„მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“. 

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამჟამად წნელისიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს