„საქართველოს არაფერი დარჩენია, ევროპაში დაბრუნების გარდა და დაღლის ფუფუნება არ გვაქვს“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „საქართველოს არაფერი დარჩენია, ევროპაში დაბრუნების გარდა და [ამ გზაზე] დაღლის ფუფუნება არ გვაქვს“. ამის შესახებ მან ესტონური ეროვნული ტელერადიომაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

„ჩვენ გვსურს ევროპაში დაბრუნება, რათა ჩამოვაყალიბოთ განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო. ბევრ საკითხში ესტონეთი გვყავს ორიენტირად, რომელმაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მოახერხა. ჩვენ ისედაც ბევრი შეგვაქვს ნატო-სა და ევროკავშირში, ვინაიდან ვმონაწილეობთ მისიებში ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამ გზით საქართველო აჩვენებს, რომ წარმოადგენს პარტნიორს, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მიღება არ სურს. ჩვენ გვსურს საკუთარი წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ სრულუფლებიანი წევრობისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ესტონელმა ჟურნალისტმა იკითხა: „სულ უფრო მეტი სიგნალი მოდის იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ადამიანებს ევროკავშირის მუშაობის პრინციპები არ ესმით და ამის გამო შესაბამისი რიტორიკისგან იღლებიან“, რაზეც ზურაბიშვილმა განაცხადა:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გაწევრიანებამდე სხვა ქვეყნებს ესმოდათ. ჩვენ გვაქვს სავიზო თავისუფლება. საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში 750 000–ჯერ იმოგზაურეს. საქართველო დაღლას არ გრძნობს. ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისგან არ დაიღალა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 75% ევროკავშირს მხარს უჭერს, ოდნავ უფრო ნაკლები  – ნატო-ს. ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს მოსახლეობას შესაძლოა, ყველა დეტალი არ ესმოდეს, თუმცა ზუსტად იცის ერთი რამ: საქართველოს არ გააჩნია სხვა პერსპექტივა,  ევროპაში დაბრუნების გარდა. ჩვენ დაღლის ფუფუნება არ გვაქვს. ზოგიერთმა ევროპელმა ერთი წამით უნდა დახუჭოს თვალები და წარმოიდგინოს, როგორი იქნებოდა ევროპა ევროკავშირის გარეშე. შესაძლოა, მაშინ მათ ასეთი დაღლა არ ეგრძნოთ".

ცნობისთვის: გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილი ესტონეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp