გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო მუშაობს პარტნიორებთან, რათა აშშ-ის მსგავსად, ბრიტანეთმაც დაუწესოს შეზღუდვები ცხინვალისა და სოხუმის ამღიარებლებს

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო მუშაობს პარტნიორებთან, რათა აშშ-ის მსგავსად ბრიტანეთმაც დაუწესოს შეზღუდვები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ამღიარებლებს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა „აქცენტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება ბრიტანელების მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის მსგავსი დოკუმენტის მიღებას, ამ თემაზე საქართველოს საელჩოს აქტიური დიალოგი აქვს შესაბამის პარტნიორებთან, როგორვ მმართველ ასევე ოპოზიციურ პარტიასთან. ბრიტანეთის შემთხვევაში გასათვალისწინებელია  ზოგადი მიდგომა და პრაქტიკა დახმარების პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ამ ტიპის საკანონმდებლო აქტების მიღების დაბალ ალბათობას განაპირობებს. თუმცა ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ მხარდაჭერის სხვა ეფექტურ ზომებს. ამ მიმართულებით, საელჩოს ძალისხმევის შედეგად, 2018 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის მხარდაჭერით, ჯგუფის თავმჯდომარემ ჯონათან ჯანოგლიმ თემთა პალატაში მრავალპარტიული პოლიტიკური განცხადების (Motion) ინიცირება გააკეთა. აღნიშნული განცხადება, რომლის სახელწოდებაა - Georgia 100th Anniversary, Motion 1500,   წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით. პარლამენტის პოლიტიკური განცხადება მიესალმება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას; დემოკრატიის კონსოლიდაციის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების, კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. განცხადება ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებათა მიუღებელ დარღვევებს და ადასტურებს დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის: 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერიც გაკეთდა. ამ ჩანაწერის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"