ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება, ქუთაისის შემოვლითი გზა კი 4-ზოლიანი გახდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ „აქცენტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქარსელაძემ იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2020 წელს დასრულდება და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ასევე, 2020 წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალის შემოვლის საშუალებას მოგვცემს,“ - აღნიშნა ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და ამასთანავე, ქალაქ ქუთასში მოძრაობას განტვირთავს.

„2020 წელს, აქტიური სამშენებლოს სამუშაოები იქნება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე, სადაც ამ დროისთვის ორ ლოტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე, სამშენებლო ეტაპი დაიწყება ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმებულია. მომავალ წელს დასრულდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ერთი ლოტის, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ამ გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. ასევე, დასრულდება ბაღდათი-ვანი-დაფნარის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

2020 წელს, საერთო ჯამში, დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა