„რუსთავი 2"-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

„რუსთავი 2"-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს,- იუწყება იუსტიციის სამინისტრო. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:

დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;

დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;

ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.

ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩვანი მხარის მოთხოვნას საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია,  რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან ევროპული სასამართლოს დიდი პალატა. 

ამ ეტაპზე, სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებით არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას აცნობებს ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების მხოლოდ დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს",-  ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ამჟამად არხის 60%-იან წილზე ხალვაშთან დავას სასამართლოში არხის დამფუძლებლები ჯარჯი აქტიმიძე და დავით დვალი აწარმოებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-ს"