ხატია წილოსანმა ENPARD - ის ორწლიანი პროექტის დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა  ENPARD - ის ორწლიანი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა საქართველოში“  დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია ევროპული მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი. ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგები რომელიც მიღწეულ იქნა პროექტის ფარგლებში, დარგის მდგრად განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ მიმართა. 

„მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე.  ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, სამი წარმატებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლეს. ევროკავშირი მოხარულია, რომ LEADER მიდგომა, რომელიც წლებია ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება, საქართველოშიც მუშაობს. მოუთმენლად ველით ამ მიდგომის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,  - განაცხადა ვინსენტ რეიმ.

კონფერენციის ფარგლებში,  მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა დაათვალიერა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“ და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდა, 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მისი მიზანი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობა იყო. 

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში,  ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგია  შემუშავდა და  ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის განხორციელდა.

კონფერენციას საჯარო, კერძო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"