"მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით"

"მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით", – ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდ „პორტერზე“ საზეიმო მიღებას მასპინძლობს. 

„მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამერიკული გემის ეკიპაჟს ბათუმში და მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. „პორტერის“ ვიზიტი საქართველოში წელს ამერიკის სამხედრო გემების მესამე ვიზიტია, ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში. მე მინდა მადლობა გადავიხადო ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან გემის ვიზიტთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან და ჩვენ კმაყოფილები ვართ მოსული სტუმრებით“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ელიზაბეთ რუდმა. 

მისივე ინფორმაციით, საზეიმო მიღებას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა ესწრებიან. 

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს 22 ოქტომბერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ეს USS Porter– ის მეორე ვიზიტია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"