რატომ დათმო რუსეთმა „ტარო“ – „დიდი ომი“ გადაიდო?

მართალია. კულუარულ საუბრებში რუსი ძალოვანები ნაკლებ შესაძლებლად განიხილავდნენ კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ექსტრადაციის საკითხს; პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ რუსეთი ესპანეთში იშვიათად ახდენს ეჭვმიტანილთა ექსტრადირებას, მით უფრო ისეთების, როგორიც ონიანია, თუმცა ფაქტია, რომ ონიანი დღეს უკვე ესპანეთში იმყოფება  – მისი რუსეთიდან ექსტრადაცია 23 ოქტომბერს განხორციელდა. ამასთან, რუსეთში „დაადგინეს“, რომ ესპანეთიდან გაქცეულმა ონიანმა 2006 წელს რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო, ჩამოართვეს და მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად გამოაცხადეს.

ესპანეთში ონიანს 1995–2005 დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნასა და მის ფარგლებში ფულის გათეთრებას ედავება, რის საფუძველზეც 8,5–წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც ონიანმა 10–წლიანი პატიმრობის შემდეგ ორენბურგის ოლქის საპატიმრო დატოვა, თუმცა რამდენიმე საათში ისევ დააპატიმრეს (როგორც ოფიციალურად ითქვა, ესპანეთის მოთხოვნის საფუძველზე), სპეციალისტები კრიმინალურ სამყაროში ლიდერობისთვის ნამდვილი ომის გაჩაღებას აანონსებდნენ. „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წევრი ირაკლი ქადაგიძე, რომელიც შსს–ში მუშაობის დროს ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა, ვარაუდობს, რომ რუსეთი სწორედ ამ „ომის“ თავიდან არიდებას ცდილობს.

მას კითხვას უჩენს ის გარემოება, რომ ონიანის შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება "უჩვეულოდ" მოიქცა. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტების ექსტრადაციას ერიდება, გამონაკლისი ონიანთან მიმართებაში დაუშვა. ერთ–ერთ მაგალითად მას შაქრო კალაშოვის შემთხვევა მოჰყავს, რომელიც საქართველოს მიერ დღემდე იძებნება.

„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის ესპანეთიდან რუსეთში წაეყვანა და საქართველოსთვის არ გადმოეცა. იგივეს ადასტურებს რუსეთის თავდადებული ბრძოლა, აშშ–ს გადაეცა მისთვის ვიაჩესლავ ივანოვი, იგივე „იაპონჩიკი“,– ამბობს ქადაგიძე და დასმულ კითხვას პასუხობს:  


„კრიმინალურ სამყაროს თავად სახელდებოდა სამი პირი: ვიაჩესლავ ივანოვი, მეტსახელად „იაპონჩიკი“, რომელიც მოკლეს; ასლან უსოიანი იგივე „დედჰასანი“, რომელიც „იაპონჩიკის“ მარჯვენა ხელი იყო, „ქურდული სალარო" მას ებარა, და მესამე პირად ყოველთვის სახელდებოდა ტარიელ ონიანი, იგივე „ტარო“, რომელსაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეეძლო გავლენებით, ფულით, მისი დაჯგუფების სიძლიერით თუ ალბათ, იღბლითაც. როგორც წესი, რუსეთი კრიმინალურ ავტორიტეტს არასდროს გადასცემდა სხვა ქვეყანას და ეს რატომ მოხდა ონიანის შემთხვევაში? ვფიქრობ, პასუხი მარტივია: დღეს კრიმინალურ სამყაროში შიდა დაპირისპირებები მიმდინარეობს. ონიანმა სასჯელი მოიხადა და რომ არა ესპანეთის აქტიურობა და რუსეთის გადაწყვეტილება ექსტრადაციის თაობაზე, მას უკვე თავისუფლებაში შეეძლო კრიმინალური სამყაროს მართვა. შესაბამისად, ვიღაცამ, რომელიც მოკალათებულია რუსეთის მთავრობაში, კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობს და აკონტროლებს ბიზნესს, გადაწყვიტა, რომ დალაგებულ სიტუაციაში ონიანი ტვირთი იქნებოდა, რომელიც ყველაფერს არევ–დარევდა – კრიმინალურ სამყაროში დაიწყებოდა გამალებული ომი პირველობისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის“.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კონტექსტში განიხილავს ქადაგიძე კალაშოვის ესპანეთიდან რუსეთში ექსტრადაციას:  

„შაქრო კალაშოვი აკონტროლებდა ბევრ ბიზნესს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, კარგად იყო რუსეთში მოკალათებული და ეს აწყობდა როგორც კრიმინალურ სამყაროს, ისე ხელისუფლებას.. მართალია, რიგი დაჯგუფებები მისი აღზევების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ კალაშოვი „იაპონჩიკის“, „დედჰასანის“ მკვლელობებისა და ონიანის დაკავების შემდეგ თავს #1 „ქურდად“ ასაღებდა".

მისივე შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2018 წელს #1 „კანონიერი ქურდის“დასახელების საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გადადება კრიმინალებს „ეფესბე“–ს წარმომადგენლებმა სთხოვეს. ისინიც თხოვნას გაგებით მოეკიდნენ და შიშკანოვმა #1 „კანონიერი ქურდის“ „ტახტიც“პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ხუთიოდ დღეში დაიკავა.   

„რუსეთმა „ფსონი“ შიშკანოვზე დადო: ის რუსული წარმოშობისაა და სწორედ რუსული წარმოშობის კრიმინალების გაძლიერება სურთ, ხოლო გამოძალვით და სხვადასხვა არალეგალური გზებით შექმნილი „დოვლათი“ ქვეყნიდან არ გავიდეს“,– ამბობს ქადაგიძე და დასძენს, რომ  „ამდენად, არც შიშკანოვს, არც რუსეთის ხელისუფლებას, არც კალაშოვს არც სხვა „კრმინალურ გენერლებს“,  არ აწყობთ ონიანის საპატიმროს გარეთ ხილვა და გაუშვეს ესპანეთის ციხეში“.    

მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, ქადაგიძის დაკვირვებით კრიმინალურ სინდიკატებს შორის ფარული ომი გრძელდება:

„ონიანის მიმდევრები გარეთ არიან, როგორც ევროპაში, ისე რუსეთში – მას გავლენის სფეროები არ დაუკარგავს. ახლა ყველაფერი არეულია: ვიცით, რომ აზერბაიჯანული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ ცდილობს თავისი სინდიკატი ჩამოაყალიბოს, არსებობს შიშკანოვი თავისი მხარდამჭერებით, ონიანი და ა.შ. შექმნილია სინდიკატები და ყველა ცდილობს, გავლენის სფეროები გააფართოონ. ისინი ერთმანეთის ლიკვიდაციასაც არ ერიდებიან“.  

ცნობისთვის: 2018 წლის მონაცემებით, 400–მდე  აქტიური „კანონიერი ქურდია“, მათგან 56% ქართული წარმოშობისაა, 12% –  რუსული, 7% – სომხური, 4% – აზერბაიჯანული, 3% – აფხაზური, 2%– ჩეჩნური და ებრაული. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"