პროექტი „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინაააღმდეგ“ ამოქმედდა

ძმები არველაძების საქველმოქმედო ფონდმა ახალი პროექტი „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინაააღმდეგ“ ამოქმედდა. პროექტს პარტნიორობას საქართველოში აშშ–ის საელჩო უწევს. 

როგორც ფონდის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ხორციელდება.

წეროვნის დევნილთა დასახლებაში ფონდისა და თურქეთის საელჩოს მიერ ოქტომბრის დასაწყისში გახსნილ ახალ სტადიონზე საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივ გუნდთან ერთად, დიცის, ნიქოზის, ატენის, კარალეთისა და ახალდაბის გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვებული კი სოფელ დიცის გუნდი გახდა.

„ბოლო ორი წელია აშშ-ის საელჩო საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს ე.წ სპორტის დიპლომატიას. ეს გულისხმობს სპორტში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. მადლობა ფონდ არველაძეს, ამ საინტერესო ინიციატივისთვის. მსგავსი ტიპის პროექტი შარშან, ერთობლივი ძალებით პანკისის ხეობაში, ადგილობრივი მოზარდებისთვის განვახროციელეთ“ – ამბობს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი სოფო ბზიშვილი.

როგორც ფონდის დამფუძნებელმა რეზი არველაძემ განაცხადა, „პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და საზღვრისპირა სოფლებში, უფასო საფეხბურთო სკოლების შექმნას ითვალისწინებს". 

"წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების გარდა მთელი წლის მანძილზე, კვირაში სამჯერ, დიცში, ახალდაბაში, ნიქოზში, ატენსა და კარალეთში მცხოვრები მოზარდები ჩვენი ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. ფეხბურთელებს გადავეცით ბურთები, ფორმები და საფეხბურთო ინვენტარი. წლის განმავლობაში ჩავატარებთ არაერთ ტურნირს და ვეცდებით, ამ ბავშვების ცხოვრება უფრო ხალისიანი და ჯანსაღი გახდეს“,– განაცხადა არველაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა