თბილისი - მოსკოვზე: "ეს პროვოკაცია ნამდვილად არ უნდა გაუვიდეს"

ოფიციალური თბილისი ოსი შეიარაღებული პირების მიერ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავებას პროვოკაციად აფასებს.  


"გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, ეს პროვოკაცია რუსეთს ნამდვილად არ უნდა გაუვიდეს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მძიმე ფაქტია.

„ეს არის მშვიდობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, მე ვიტყოდი, დანაშაული. ამიტომ, ცხადია, ამაზე გვექნება უმკაცრესი რეაგირება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დარწმუნებული ვარ, თავად ევროკავშირის მისიას. ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რადგან ეს პროვოკაცია რუსეთს ნამდვილად არ უნდა გაუვიდეს, ამაზე უნდა მიიღოს ძალიან მკაცრი რეაქცია და ასეც იქნება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მომხდარს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.


მისი თქმით, საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე დღეს განიხილება:

"ცალსახა შეფასება მინდა მივცე იმ ფაქტს, როდესაც ხდება ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რაიმე ფორმით. ეს არის პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თქვენ იცით, რომ 2008 წლის ოქტობრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა, შეფერხება და ასეთი განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია. დღეს ერგნეთში ჩანიშნულია ტექნიკური შეხვედრა, სადაც იქნება ეს საკითხიც დაყენებული, თუმცა არა მხოლოდ ეს საკითხი. ასევე ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა, გარდა ჩორჩანასთან შექმნილი მდგომარეობა და განცხადებები ოკუპაციური რეჟიმის მხრიდან, გახლავთ ის მოქმედება, რაც უკავშირდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ახალგორის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა უამრავი ადამიანისთვის ცხინვალის რეგიონში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი უფლებების უხეში დარღვევა. ამიტომ ქართული მხარისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ამ საკითხის მოგვარება, უპირობოდ გადასასვლელის გახსნა, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასევე განიხილება დღევანდელ შეხვედრაზე",- განცხადა ციხელაშვილმა.

მომხდარი მიუღებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მას ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე“.

ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დე-ფაქტო რეჟიმის მოქმედებები პირდაპირ უკავშირდება ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს.


„დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები იქნება. გუშინდელი შემთხვევა იქნება აქტიური განხილვის საგანი. შევეხებით ასევე გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს. ეს მათვე პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, ისევე როგორც გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ხელი შეეშალა საქართველოში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქმიანობის განხორციელებისას.

მიჭირს, წინასწარ განვსაზღვროთ შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქციული ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ყველა საკითხი იქნება დაყენებული პრინციპულად, რომ სიტუაციამ არ მიიღოს სერიოზული განვითარება და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე. არ მგონია, შეხვედრის ჩაშლის რისკი იდგეს. დღის წესრიგში არის მხოლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები. საოკუპაციო რეჟიმმა ყველა ნეგატივი, რაც ხდება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუკავშირა ამ კონტექსტში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ განსახილველად გვაქვს ერთი საკითხი, ყველა საკითხი რომელიც მოიაზრება, ამ კონტექსტში იქნება განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა არის კარგად ორკესტრირებული და პროცესი არის ერთ კონტექსტში განსახილველი. დღესდღეობით ერთადერთი გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე შედარებით სტაბილურ გარემოს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიცია, ასევე პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების აქტივობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამოქმედებულია ყველა ფორმატი, მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის დეესკალაციას“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.

მომხდარის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს თავდაპირველად ოსური მხარის მიერ გახდა. მათ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დე ფაქტო საზღვრის უკანონო დარღვევაში დაადანაშაულეს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მისიამ:


„24 სექტემბერს, შუადღით  სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალების შეიარაღებული წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრული, მაშინ როცა იგი ჩორჩანა -წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის მხრიდან ცხელი ხაზი გააქტიურდა. 

მისია ჯერ კიდევ იკვლევს ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებს, რომელიც მოხდა იმ მიდამოებში, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ კონტროლირებად მხარედ ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად. 

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  ჩორჩანა-წნელისის რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად პატრულირება მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ შემთხვევების გამო, როდესაც უსაფრთხოების შეიარაღებული ძალები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად. 

დღევანდელი ინციდენტი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრაზე იქნება განხილული“

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს