თურნავამ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყების პირობები დაასახელა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესებთან დაკავშირებით სამთავრობო პოზიცია ნათელია: ეს პროექტი და პროექტები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მაღალი კონსენსუსი იქნება მოსახლეობასთან მიღწეული.

„დარწმუნებული ვარ, ინვესტორიც ითვალისწინებს ამ მოცემულობას და ზოგადად, წინ უნდა უძღოდეს ძალიან დეტალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ინვესტორი აწარმოებს ამ კომუნიკაციას, როგორც ვიცით, მაგრამ სანამ არ გვექნება იმის ნათელი მტკიცებულება, რომ მართლაც, 80% და მეტი კონსენსუსია ამ კონკრეტულ ჰესთან მიმართებაში, ჩვენ ამას ჯერჯერობით მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან კონსესუსის გარეშე პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ტექნიკა ხეობაში პოლიციელებთან ერთად შევიდა. ამ გარემოებამ მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. დაპირისპირების შდეგად დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები. მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა შეცდომად შეაფასა. მაშინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესი არ აშენდება, სანამ მოსახლეობა საკითხზე საკუთარ თანხმობას არ განაცხადებს. თავად მოქალაქეები კი ამბობდნენ და ამჟამადაც ამბობენ, რომ  მოლაპარაკებები არა ზოგადად მოქალაქეებთან, არამედ ხელისუფლების მომხრე ვიწრო ჯგუფთან მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, კერძო კომპანიას სამართალდამცველები ხეობაში ეკონომიკის მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე შეაყოლეს და კითხვა გაჩნდა სწორედ ამ მიმართულებითაც.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო