ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში: სიკეთეები და რისკი

„ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოსი ლუკ კოფი გამოდის ინიციატივით, ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაიგზავნონ.


„ეს ჯარისკაცები გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება, „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ძალას ხელახლა მოიკრებს. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქადან [სირიული ქალაქი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ფორპოსტად ითვლებოდა]. სადღეისოდ საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – დაწერა ექსპერტმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე.


დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კოფის იდეას თითქმის იდენტური განცხადებებით გამოეხმაურნენ – უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას ადგილობრივმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონო:


„ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა, ის წარმოადგენს ექსპერტს, ამაზე რაიმე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, ამიტომ უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მის ერთგვარ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვართ ჩვენი ამერიკელი და ნატო-ს ქვეყნების ძირითადი პარტნიორები, ვმუშაობთ ერთად, თუ რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტია, აქაც ერთობლივად ვმუშაობთ შესაბამის პროექტებზე, ამიტომ არ მგონია, მის ამ ექსპერტულ მოსაზრებას ჩემი მხრიდან რამე კომენტარი სჭირდებოდეს“ - განაცხადა, მაგალითად, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

ქართველი ექსპერტები კი, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელი კოლეგის ინიციატივა “გადაულოცეს”, მიიჩნევენ, რომ კოფი თავისი ინიციატივებით უფრო მეტს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლება.


„კოფი არის საინტერესო ექსპერტი და საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი. იგი აჟღერებს ისეთ ინიციატივებს, რომლითაც საქართველოს აშშ–ისა და ევროპის დღის წესრიგში აბრუნებს მინიმუმ, დისკუსიის დონეზე მაინც. ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ “მოსკოვი არ გააღიზიანოს“ პოლიტიკას მიჰყვება. ისე გამოდის, რომ ბატონი კოფი უფრო მეტს აკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. მმართველი გუნდის პოზიცია, რომ “ეს არის მხოლოდ ექსპერტის განცხადება”, ისევე, როგორც ბ-ნი კოფის წინა ინიციატივის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება, ძალიან არასწორია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. მსგავსი იდეები უნდა აიღონ და განიხილონ მაინც” - განუცხადა “აქცენტს” საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.

რაც შეეხება თავად ინიციატივას, მისი შეფასებით, “აქ ყველა რისკი ასაწონია, მთლიანობაში იდეაში პოზიტივი მეტია და მართალია, ნაკლებსავარაუდოა, რაიმე გამოვიდეს ამ ფორმით, თუმცა ამაზე მუშაობა ყველა ვარიანტში ღირს”:

“აშშ–ში ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში მსგავს ინიციატივებს იღებენ საკმაოდ ნელა, თუ ფორსმაჟორულ რეჟიმში არ იმყოფებიან. შესაბამისად, ამის მიღწევა ადვილი არ იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მიდგომების გათვალისწინებით, დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან თუ თავად საქართველო არ მიმართავს, ამერიკა ხვეწნას არ დაგვიწყებს“.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია მიიჩნევს, რომ კოფის იდეის განხორციელება საქართველოსთვის ხელშეუხებლობის მეტ გარანტიას ნიშნავს.


„ჩვენს ტერიტორიაზე აშშ–ის სამხედრო ბაზების განლაგება მეტ უსაფრთხოებას და ხელშეუხებლობის მეტ გარანტიას ნიშნავს. რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, სერიოზულად დაფიქრდება, სანამ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციას აწარმოებს. სწორედ ამ ყველაფრის განხორციელების ერთ–ერთ მექანიზმს ხედავს ბატონი კოფი თავის იდეაში. მისი შემოთავაზება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა იმსჯელონ, განიხილონ რისკებიც და შესაძლებლობებიც. ამ მსჯელობის საჯარო ელემენტები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ საზოგადოებისთვის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში ასე წყდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები“, – განუცხადა „აქცენტს“ ეკა აკობიამ.

მას თავდაცვის ექს–მინისტრი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეა“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელიც ეთანხმება, რომლის აზრით, “რისკებს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიცავს, თუმცა კოფის ინიციატივის რეალიზება საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრაქტიკულად სრულფასოვანი გარანტიის მატარებელი იქნებოდა”.


„მე პირადად აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი კოფის იდეას და იდენტური განცხადება გავაკეთე რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად თურქეთში ამერიკული ბაზის პრობლემებზე იყო საუბარი. გეოგრაფიულად, სტრატეგიულად, ლოგისტიკურად, ქვეყნის მზაობის თვალსაზრისით, საქართველო სრულიად შესაფერისი ქვეყანაა და რთული იქნება რეგიონში ჩვენზე სანდო პარტნიორი ქვეყნის მოძებნა. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავისთავად რისკებს შეიცავს, მაგრამ ამ შემთხვევში ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში ყოფნა პირიქით, სწორედ რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის პრაქტიკულად სრულფასოვანი გარანტიის მატარებელი იქნება, რამდნიმე დღის წინ კონგრესის მიერ მიღებული აქტის ფონზე კი პირდაპირი გაგრძელება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების პრაქტიკული რეალიზების გზაზე“, – განუცხადა “აქცენტს” ხიდაშელმა.

ანალიტიკოს ზურა ბატიაშვილის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ დასავლეთში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზების ფორმულებზე მიმდინარეობს მსჯელობა, დადებითი მოვლენაა: 


"რა თქმა უნდა, ბ-ნი კოფის შემოთავაზებას ოფიციალური სახე არ აქვს და საკითხი დღეს და ხვალ ალბათ, ვერ გადაწყდება, თუმცა დადებითი მოვლენაა, რომ თუ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფორმულებზე ძირითადად საქართველოში იყო საუბარი, ახლა ინიციატივები რეგულარულად მოდის თავად დასავლეთიდან”.

თავად ინიციატივას იგი, კოლეგების მსგავსად, პოზიტიურად აფასებს:

“თეორიოულად რომ დავუშვათ, რომ ეს იდეა განხორციელდა, უსაფრთხოების დამატებითი დადებითი გარემო შეიქმნება საქართველოში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში დასავლური სამხედრო ბაზა იქნება შემაკავებელი ფაქტორი ერთის მხრივ, ჯიჰადისტური ორგანიზაციებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, იგივე რუსეთისთვის - აშშ-ის წინააღმდეგ ერთი-ერთზე გაშლილი დროშებით ბრძოლა არავის აწყობს. უსაფრთხოების გარდა, ეკონომიკური მხარის გათვალისწინებითაც აქვს ბაზის განთავსებას პოზიტივი, იგივე ადგილობრივების დასაქმების თვალსაზრისით და საგანმანათლებლო კუთხითაც: დარწმუნებული ვარ, მეტი ადამიანი ისწავლის როგორც სახელმწიფო ენას, ისე ინგლისურს". 

ამასთან, ანალიტიკოსი შემხვედრ ინიციატივებსაც აჟღერებს: 

"დასავლეთშიც რომ გაიგონ, რომ მსგავს საკითხებზე ჩვენც ვფიქრობთ და კიდევ უფრო ღრმა განსჯის თემა გახდეს საქართველო დასავლეთში, პირადად მე შემხვედრ იდეებს შევთავაზებდი. მაგალითად, რატომ ახალქალაქი და არა ვაზიანი? - ვაზიანი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია (თბილისის დაცვის კუთხით)... ანდაც შევთავაზებდი ნატო-ს საზღვაო ელემენტის შემოტანას საქართველოს საზღვაო სანაპიროზე (იგივე ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვაო ძალების მორიგეობით ბაზირებას ბათუმში ან ფოთში), ასევე ამერიკის ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული მე-6 ფლოტის პერიოდულად შავ ზღვაში შემოსვლას მხარდაჭერის მიზნით (ისიც მორიგეობით)... მსგავსი ინიციატივები შეიძლება,  საქართველოდანაც გავრცელდეს, საქექსპერტო წრეებიდან". 

ანალიტიკოსის აზრით, საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცების ბაზირება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ბალტიის ქვეყნების მაგალითი:

"არ უნდა შეგვეშინდეს. როდესაც რუსეთი სუსტი იყო და ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დადგა დღის წესრიგში, მოსკოვი მუდმივად იმუქრებოდა ომით, თუმცა ვერაფერიც ვერ გააკეთა, ბალტიის ქვეყნები კი ალიანსის წევრები არიან. ამდენად, რუსეთის მუქარები მუქარად დარჩება, თუ საქართველოში ამერიკული ბაზა მართლაც შემოვა".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს