რა შედეგით დასრულდა ერგნეთის მორიგი შეხვედრა მისიის წევრების დაკავების შემდეგ

მხარეები კვლავ საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. ასე დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული მორიგი შეხვედრა და შედეგები ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ გააცნო. შეხვედრის ფონია გუშინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების ოთხი საათით დაკავება.  

მიუხედავად უშედეგო შეხვედრისა, ანთაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის არც ერთ მხარეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია. 

"დიალოგის რესურსი ნამდვილად არსებობს. კონსულტაციები გაგრძელდება. ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, თუმცა შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება",-განაცხადა ანთაძემ. 

ანთაძე იმედს გამოთქვამს, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ შეხვედრის მონაწილეების მხრიდან შესაბამისი დასკვნები გაკეთდება, რომ მსგავსი ინციდენტები აზიანებს როგორც ფორმატს, ისე პროცესს. 

ამასთან, მან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:  

"მთელი შეხვედრა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ნეგატიურ პროცესებს და პროვოკაციულ აქტივობებს. ასევე იმ აქტივობებს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა მთლიანად დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვიტარებულ მოვლენებს. პოზიციები კვლავ უცვლელი რჩება: კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზედაც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საპოლიციო ძალები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, არ შეიძლება, რაიმე საფრთხის შემცველი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობოსათვის. რა თქმა უნდა, მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალის ქმედებები წაღვსა და ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში; ასევე მივეცით შეფასება გუშინდელ ინციდენტს, როდესაც რეგიონში არსებულ სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს  საქმიანობის შესრულებაში, რაც საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტია".

რაც შეეხება ახალგორის ჩაკეტვის საკითხს, რომელიც ოკუპანტებმა ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირეს, ანთაძე აცხადებს, რომ დისკუსია არ შეწყვეტილა და საერთაშორისო პარტნიორებმა მას პრინციპული შეფასება მისცეს:

"რაც შეეხება გადასასვლელების ჩაკეტვას, გარკვეული პერიოდულობით საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილი მიზეზებით ახდენს გადასასვლელების დაკეტვას და ამით ცდილობს გარკვეულ მანიპულირებას, რაც დარწმუნების საეჭვო ხერხია. ამ შემთხევაშიც გადასასვლელების დაკეტვით მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა...".

ანთაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა არის გამოსავალი:

"საკითხი არასოდეს არ ყოფილა საგანგაშო გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შარშან მოხდა ცნობილი ფაქტი და გაჩნდა ე.წ. ყვითელი ნიშნულები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ეს ტერიტორია განხილვის საგანი. ეს ცალსახად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ამას ადასტურებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და რა თქმა უნდა, კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ხარჯზე მიუღებელია და ეს არ მოხდება. გამოსავალია, რომ ცენტრალური ხელიუსფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეწყდეს აქტივობა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სრულფასოვნად უნდა მიეცეს საკუთარი მანდატის განხორციელების საშუალება და სიტუაცია თავისთავად ჩადგება კალაპოტში. ეს არის გამოსავალი დროის კონკრეტული მონაკვეთისათვის, საბოლოო გამოსავალი კიდეოკუპაციაა".

ამასთან, უსაფრთხოების ზომებს დაუკავშირა ანთაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის დაწესებული შეზღუდვები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ რიგ სოფლებში გადაადგილებაზე. 

"ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ დღეს არსებულ სიტუაციაზე. როდესაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტში შევა [მოიხსნება შეზღუდვები]... თავად გუშინდელი ინციდენტი [ევროკავშირის მისიის წარმომადგენების დაკავება] ნათელი დადასტურებაა, რამდენად შეიძლება იყოს სახიფათო იმ ტერიტორიასთან გამოჩენა, სადაც უსაფრთხოების დაზიანებული გარემოა. უსაფრთხოების შეზღუდვები ამასთან არის დაკავშირებული და მოუხსნება მაშინ, როდესაც სიტუაცია წავა გაუმჯობესებისკენ. თითოეული შეხვედრა აქ თუ ჟენევაში სწორედ ამას ემსახურება".  

თავის მხრივ ოსური მხარე ირწმუნება, რომ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა ოსური დელეგაციისთვის განმარტების მცემისას განაცხადეს, რომ სადამკვორვებლო მისიის პატრულს გზა აებნა.

"ეს განცხადება ჩვენში დიდ ეჭვებს იწვევს იქედან გამომდინარე, რომ მისიის წარმომადგენლებს ყველანაირი თანამედროვე სანავიგაციო, ფოტო-ვიდეო-რადიო და სხვა სახის აპარატურა გააჩნდათ თან. ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევას მათ მხრიდან ადგილი არ ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოსური მხარე კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ მისია ჯერ ცხელი ხაზით, დღეს შეხვედრაზე გავარფრთხილეთ",- განაცხადა ოსური დელეგაციის ხელმძღვანემა ეგორ კოჩიევმა. 

თავად აღნიშნულ საკითხზე მისიაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.   

24 ოქტომბერს ოსურმა დე  აფქტო უშიშროების ძალებმა  ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით მისიამ განცხადება გაავრცელა,ომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხსენებულ ინციდენტს დღევანდელ ტექნიურ შეხვედრაზე განიხილავდნენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს