ღარიბაშვილმა ბრიტანელ კოლეგას სტრატეგიულ პარტნიორობაზე ესაუბრა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ კოლეგასთან საუბრით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის  ბენ უალესს მადლობა გადაუხადა და ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა.

ნატოს თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის კონტექსტში მინისტრებმა უსაფრთხოების გარემოსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის სფეროს რეფორმირების პერსპექტივები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გაერთიანებულ სამეფოსთან ეფექტიანი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და JTEC-ის განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე.  

კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაჭრილი სამხედროების მხარდაჭერის პროცესში დიდი ბრიტანეთის როლზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავლისმომცველი გახდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართული ბაზარი წელს 19-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა