ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფრთხილებს

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წელს არჩევანი ისევ ორ ძალას შორის იქნება გასაკეთებელი. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, "ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანამატებით“: 

„ევროპული საქართველო“ და შეიძლება, კიდევ რაღაც სხვანაირი „საქართველო“ შექმნან და ასე წარუდგნენ საზოგადოებას. რეალური დაპირისპირება და ბრძოლა ისევ მიხეილ სააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იქნება. მე ასე წარმომიდგენია 2020 წლის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში. 

ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ელის თუ არა მმართველი პარტია ოპონენტების სივრცეში მნიშვნელოვან ცვლილებებს და რომელი პარტიები დარჩებიან 2020 წელს „ქართული ოცნების“ ძირითად ოპონენტებად.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა, საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამთავრონ, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია. მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ენმ ცდილობს, საკუთარ ამომრჩეველში ნიჰილიზმი არ გაჩნდეს: 

„უნდათ, ამდენი წაგების შემდეგ მათი ამომრჩეველი ნიჰილიზმში არ წავიდეს და რაღაცით უნდათ, კონსოლიდაცია მოახდინონ. მათ იმედი უნდა მისცენ; რა თქმა უნდა, ფუჭი იმედი, რომ აი, დღეს თუ არა, ხვალ რაღაცას ვიზამთო. მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ვერაფერს ვერ იზამენ. ხალხი ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას ჩვენს მთავრობასა და მათ მთავრობას შორის. ჩვენ მშვიდად და სტაბილურად გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია: კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს ფხენიანში შეხვედრა შესთავაზა