"ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“

პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშრებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


 

პრემიერის თქმით, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კრავს.


„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა დღეს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსი ირწმუნება, შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სწორედ კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია ესწრებოდნენ. ქორეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია შეხვედრის გამართვის კონკრეტული თარიღი.

“მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო გომელაური. კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ილია მეორეც.

სასულიერო პირის თქმით, პატრიარქ ილია მეორის გადაყენების შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხრტიშვილი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შემდეგ ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირებს დაავალა ამის განხორციერლება.

როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მისგან დახმარება იმიტომ ითხოვეს, რომ ის არის საპატრიარქოში გავლენიანი სასულიერო პირი.

“დღევანდელ ხელისუფლებაზე ყველანაირი დოკუმენტი მაქვს. ეს ხელისუფლება არის კანაფის ხელისუფლება…

პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე თეოდორე ვიცი, არც მეუფე შიო. ისინი არ არიან ჩარეული. სხვა მეუფეები ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგიც სხვაგან, მაგათ პირდაპირ დავარტყამ”, – ამბობს მეუფე იაკობი.

ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები – ირაკლი შოთაძე და ოთარ ფარცხალაძე – მას ფულს სძალავდნენ და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა მეუფე იაკობს ამ შემთხვევის დეტალები არ უხსენებია.

როგორც ქორეპისკოპოსი ირწმუნება, ციანიდის საქმე წინასწარ იყო დაგეგმილი და მისი მიზანი პატრიარქის მკვლელობა იყო, ხოლმე მის დაგეგმვაში დეკანოზ მამალაძესთან ერთად ჩართულები იყვნენ მეუფე პეტრე, ასევე თანამდებობის პირები, ხოლო თავად მამალაძე ამ საქმისთვის “მეუფე დიმიტრიმ და სოსომ [სავარაუდოდ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი] შეარჩიეს”.

მეუფე იაკობის თქმით, მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია