დღეს საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში. 

მედიას, კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა; როგორც მან აღნიშნა, 7-ვე  საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 

„დღეს ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ტარდება,  ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ხმის მიცემის  კაბინაში აფიქსირებს. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. 

ამომრჩევლებმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე. 

27 ოქტომბრის არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედია ორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 

27 ოქტომბერს, 07:00 საათიდან მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. 

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს აფენის, არალისა და კიწიის თემების ამომრჩევლებს  იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო