ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში ღვინის ათი მარანია წარმოდგენილი საქართველოდან. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გამოფენა წარმატებით მინდონარეობს და ქართული ღვინის მიმართ დიდია ინტერესი როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია ნახევარ მილიონზე მეტი  ბოთლი  ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

გამოფენა ,,RAW Wine”  ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ასევე გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს,  მის კულტურასა და ისტორიას.

ნიუ-იორკის გამოფენის მონაწილე კომპანიები, 3-4 ნოემბერს ასევე წარმოდგენილი იქნებიან ქალაქ ლოს-ანჯელესში, ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine LA”.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს