საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: "ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ"

პატიმრობაში მყოფი სასულიერი პირი გიორგი მამალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. 


როგორც სასულიერო პირი "ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ვასაძე მას ჯერ საკანში ლიკვიდაციით, შემდეგ კი ძმის დაჭერითა და შვილებით ემუქრებოდა, თუ როგორც თავად ამბობს, "არარსებულ საქმეში" პატრიარქის ნათესავის მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მონაწილეობას არ აღიარებდა. 

სასულიერო პირი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი "ეკლესიაში არსებული უმძიმესი საკითხების მოგვარების მოთხოვნა" იყო, რომელთა განსაჯაროება ეკლესიისა და ქვეყნისთვის მძიმე იქნება. 

მისივე თქმით, "შეკერილი საქმით" მოხდა მეუფე დიმიტრის, როგორც პატრიარქობის კანდიდატის განეიტრალება და ოხანაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორება. 

"ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ",– აცხადებს მამალაძე. 

მანამდე მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამაში მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, როგორც გავლენიანი სასულიერო პირი ამბობს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 


როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსი ირწმუნება, შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სწორედ კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია ესწრებოდნენ. ქორეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია შეხვედრის გამართვის კონკრეტული თარიღი.

“მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო გომელაური. კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა ქორეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ილია მეორეც.

სასულიერო პირის თქმით, პატრიარქ ილია მეორის გადაყენების შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხრტიშვილი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შემდეგ ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირებს დაავალა ამის განხორციერლება.

როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მისგან დახმარება იმიტომ ითხოვეს, რომ ის არის საპატრიარქოში გავლენიანი სასულიერო პირი.

“დღევანდელ ხელისუფლებაზე ყველანაირი დოკუმენტი მაქვს. ეს ხელისუფლება არის კანაფის ხელისუფლება…

პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე თეოდორე ვიცი, არც მეუფე შიო. ისინი არ არიან ჩარეული. სხვა მეუფეები ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგიც სხვაგან, მაგათ პირდაპირ დავარტყამ”, – ამბობს მეუფე იაკობი.

ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები – ირაკლი შოთაძე და ოთარ ფარცხალაძე – მას ფულს სძალავდნენ და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა მეუფე იაკობს ამ შემთხვევის დეტალები არ უხსენებია.

როგორც ქორეპისკოპოსი ირწმუნება, ციანიდის საქმე წინასწარ იყო დაგეგმილი და მისი მიზანი პატრიარქის მკვლელობა იყო, ხოლმე მის დაგეგმვაში დეკანოზ მამალაძესთან ერთად ჩართულები იყვნენ მეუფე პეტრე, ასევე თანამდებობის პირები, ხოლო თავად მამალაძე ამ საქმისთვის “მეუფე დიმიტრიმ და სოსომ [სავარაუდოდ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი] შეარჩიეს”.

მეუფე იაკობის თქმით, მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

გიორგი გახარია ბრალდებას უარყოფს, საპატრიარქოს პოზიცია კი უცნობია.

დღეს სპატრიიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:


"ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ. ბოლომდე კი რჩება კაპიტანი.

რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს".  

როდის შეიკრიბება წლინდა სინოდი, ამ დროისთვის უცნობია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"