ოჯახური ძალადობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თბილისში, ბურძგლაძის #24–ში ჩატარებული სპეც–ოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები – მეუღლე და ორი შვილი სახლში ჩაკეტა, იყო აგრესიული, რის გამოც მისმა მეუღლემ დახმარება და პოლიციის გამოძახება დედას სთხოვა. სპეცრაზმელებს მამაკაცი არ დაემორჩილა, მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი სპეცრაზმი ბინაში, რომელშიც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, ძალის გამოყენებით შევიდა. 

დაკავებულია 36 წლამდე მამაკაცი. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდენ. პოლიციაში გვიანობამდე იკითხებოდენ დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა შინაგანა საქმეთა სამინისტრომ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველები შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ ადგილზე. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს“.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია